ყირიმზე გუშინდელი სარაკეტო შეტევისას ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის იარაღის საწყობების ტერიტორიას. ამის შესახებ დღეს, 19 ოქტომბერს, იუწყება დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტების გამოცემა ASTRA. მისი ინფორმაციით, რუსეთის ეს სამხედრო ობიექტი სევასტოპოლთან მდებარეობს. გამოცემის წყაროთა თანახმად, ობიექტი დაზიანებულია და დაჭრილია 1 სამხედრო.
ASTRA-ს ცნობითვე, სარაკეტო შეტევისას ქალაქ სევასტოპოლში, რუსეთის შსს-ს შენობიდან ევაკუირებული იყო 350-ზე მეტი პოლიციელი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ მოსკოვის დროით საღამოს 6 საათისთვის, „კიევის რეჟიმმა“ ყირიმში სცადა „ტერორისტული აქტი“ საზენიტო რაკეტების გამოყენებით. რუსეთის მტკიცებით, ჰაერშივე გაანადგურეს ორი რაკეტა, მათი ფრაგმენტები კი დაუსახლებელ ადგილას ჩამოცვივდა და მსხვერპლი და ნგრევა არ გამოუწვევია.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ანექსირებულ ყირიმზე სარაკეტო შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
2023 წლის სექტემბერში, უკრაინამ დაადასტურა, რომ სარაკეტო იერიში მიიტანა სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე.
ასევე ნახეთ უკრაინა აცხადებს, რომ სევასტოპოლზე თავდასხმას ემსხვერპლნენ რუსეთის ფლოტის მეთაურები