საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები 2023 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში კვლავ თურქეთი, რუსეთი და აშშ არიან. საერთო ჯამში, ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15 910,8 მლნ აშშ დოლარი იყო, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 16,5 პროცენტით მეტი. განახლებული მონაცემები საქსტატმა დღეს, 19 ოქტომბერს, გამოაქვეყნა.
- ექსპორტი გაიზარდა 12,7 პროცენტით და 4607,4 მლნ აშშ დოლარი გახდა;
- იმპორტი გაიზარდა 18,2 პროცენტით და 11 303,4 მლნ აშშ დოლარი გახდა.
"2023 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68,8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2195,8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1876 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1471,8 მლნ. აშშ დოლარი)", - წერია განახლებული მონაცემების შესახებ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში უმსხვილესი საიმპორტო და საექსპორტო საქონელი მსუბუქი მანქანებია:
- მთელი იმპორტის 20,2 პროცენტი - 2282,5 მლნ აშშ დოლარი;
- მთელი ექსპორტის 34 პროცენტი - 1566,1 მლნ აშშ დოლარი.
უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტით, 1 აგვისტოდან შეიზღუდა ამერიკიდან შემოყვანილი მანქანების ექსპორტი საქართველოდან რუსეთში, 26 სექტემბრიდან კი დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება.
"საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილ მანქანებზე 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა რეექსპორტზე/ექსპორტზე შეზღუდვა, ხოლო ევროპიდან შემოყვანილზე შეზღუდვა ამოქმედდება 26 სექტემბრიდან, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
ასევე ნახეთ საქართველოდან რუსეთში მანქანების ექსპორტი ნაწილობრივ აიკრძალა