პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას საქართველოს პარლამენტში ვერ მოგროვდა 100 დეპუტატი, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას.
კენჭისყრის წინ რეგისტრაცია გაიარა 90-მა დეპუტატმა, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მათგან მხარი დაუჭირა 86-მა, ერთი იყო წინააღმდეგი - დეპუტატი, რომელმაც ხმა არ მისცა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, ალეკო ელისაშვილია.
ასევე ნახეთ ვინ ესწრება და ვინ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას პარლამენტშიპრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მომხსენებელმა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილს უთხრა, რომ "ელემენტარული ღირსება" რომ ჰქონდეს, თვითონვე გადადგებოდა იმის მიუხედავად, პარლამენტი მხარს დაუჭერს თუ არა მის იმპიჩმენტს.
თავად სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ დღეს პარლამენტში არა მისი, არამედ მმართველი პარტიის და ქვეყნის ბედი წყდება. "ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებთ", - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან "ქართული ოცნების" წევრებს.
1 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტია იწყებდა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 14 სექტემბერს შევიდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკითხის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად კონსტიტუცია 1-თვიან ვადას აძლევდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პარლამენტში კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო სასამართლოს უარყოფითი დასკვნა (9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა).
16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.