პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას საქართველოში საფრანგეთის საელჩო განცხადებით ეხმაურება. როგორც საელჩო აღნიშნავს, საფრანგეთმა ცნობად მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მთავრობის მხარდაჭერით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის დადასტურების შესახებ.
საფრანგეთის საელჩო საქართველოს მთავრობისგან ელის, რომ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულებაზე იქნება კონცენტრირებული.
„ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში, როცა ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობა და თანმიმდევრულობა უნდა ჭარბობდეს, საფრანგეთი ელის საქართველოს მთავრობისგან, რომ ის მოახდენს პასუხისმგებლობის დემონსტრირებას და თავისი ძალისხმევის კონცენტრირებას ყველა რეფორმის განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, რაც დაკავშირებულია, კერძოდ, ევროკომისიის მიერ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების განაცხადის შესახებ 2022 წლის ივნისის დასკვნაში განსაზღვრულ 12 პრიორიტეტთან", - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
ასევე ნახეთ კოლეგებმა არასწორად განმარტეს პრეზიდენტის მანდატი - რას ეფუძნება საკონსტიტუციოს 3 მოსამართლის განსხვავებული აზრისაქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის განხილვას პარლამენტი 18 ოქტომბრიდან იწყებს.
რაც შეეხება საკითხის განხილვის პროცედურას, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს არის კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის მსგავსი - მომხსენებელი, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების ავტორებიდან ერთ-ერთი, გამოვა და წარმოადგენს პოზიციას. შემდეგ რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ პარლამენტს განხილვაში მონაწილეობის მისაღებად შეუძლია მოიწვიოს შესაბამისი თანამდებობის პირი, ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი. იგი გამოვა როგორც თანამომხსენებელი. სხდომაზე კითხვებისა და დაზუსტებების შესაძლებლობა იქნება როგორც მომხსენებელთან, ისე თანამომხსენებელთან. პაპუაშვილის თქმით, ვინაიდან რაიმე დარგობრივი მოსაზრებები ამ შემთხვევაში არ არის რელევანტური, არ იქნება კომიტეტის გამოსვლები. "გადავალთ უკვე უფრაქციო წევრების, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების გამოსვლებზე და ამის შემდეგ დასკვნით სიტყვის უფლება ექნება მომხსენებელს, თუმცა არა თანამომხსენებელს. ეს იქნება პროცედურა, საბოლოო ჯამში, რომლის განხილვის შემდეგ იქნება კენჭისყრა. იცით, რომ 100 ხმა იქნება საჭირო", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
1 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტია იწყებდა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 14 სექტემბერს შევიდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკითხის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად კონსტიტუცია 1-თვიან ვადას აძლევდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პარლამენტში კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო სასამართლოს უარყოფითი დასკვნა (9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა). ამის შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე ორი კვირის ვადაში დგება - პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭიროა 100 დეპუტატის ხმა, რაც მმართველ პარტიას დღევანდელი მდგომარეობით არ აქვს.