გაეროში უარი თქვეს ისრაელი-„ჰამასის“ ომის შესახებ რუსეთის რეზოლუციის მიღებაზე

ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორის დაბომბვა დაიწყო მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა და სამხრეთში მდებარე დასახლებებში ასეულობით ადამიანი დახოცა

გაეროს უშიშროების საბჭოში საკმარისი ხმები ვერ მიიღო ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის გამო რუსეთის მიერ მომზადებულმა რეზოლუციამ, რომელიც ეხებოდა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მძევლების გათავისუფლებას, ღაზის სექტორის მცხოვრებთა ჰუმანიტარულ დახმარებას და მშვიდობიანი მოსახლეობისადმი ძალადობის და ტერორიზმის დაგმობას. კენჭისყრა 16 ოქტომბერს ჩატარდა.

გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირეს რუსეთმა, ჩინეთმა, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა, გაბონმა და მოზამბიკმა. იმის გამო, რომ რეზოლუციაში არ იყო დაგმობილი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა, ხმა წინააღმდეგ მისცეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იაპონიამ. დანარჩენმა ქვეყნებმა თავი შეიკავეს. რეზოლუციის მისაღებად სულ მცირე 9 ხმა იყო საჭირო.

აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ლინდა ტომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ დაგმობაზე უარი ნიშნავს ხელი დააფარო ტერორისტულ დაჯგუფებას, რომელიც სასტიკად ეპყრობა უდანაშაულო ადამიანებს.

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ თქვა, რომ რეზოლუციის პროექტში „ჰამასი“ არ მოიხსენიეს, რადგან ეს ჰუმანიტარული ხასიათის დოკუმენტი იყო. წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ ნებენზიამ განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო კვლავ იქცა დასავლეთის ქვეყნების მძევლად.

ასევე ნახეთ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთი გაეროს იმ წევრებს შორისაა, რომლებიც პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებენ, მის ხელისუფლებად კი - ეროვნულ ადმინისტრაციას, რომელსაც მაჰმუდ აბასი და პარტია „ფათაჰი“ მართავენ. პალესტინელთა ეს ადმინისტრაცია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს აკონტროლებს. მისი მეტოქეა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“, რომლის კონტროლქვეშაა ღაზის სექტორი.

რუსეთს კავშირები აქვს „ჰამასთანაც“, რომლის გასამხედროებული დაჯგუფება 7 ოქტომბერს თავს დაესხა ისრაელს. მოძრაობა „ჰამასის“ წარმომადგენლები მოსკოვში არაერთხელ იმყოფებოდნენ. სულ ბოლოს, 2023 წლის მარტში გაიმართა მათი შეხვედრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.

ასევე ნახეთ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი: სახელმწიფოებრიობა, მიწა, იერუსალიმი და ლტოლვილები
  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
  • 13 ოქტომბერს, სამხედრო ოპერაციის ახალ ეტაპზე გადასვლის გამო, ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთში, მათ შორის ქალაქ ღაზაში მცხოვრებ სამოქალაქო მოსახლეობას ტერიტორიის დატოვება და სამხრეთში გადასვლა მოსთხოვა.
  • გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მთლიანად ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა.
  • „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კრიზისი და სურსათის, წყლის, საწვავის და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია.
  • 7 ოქტომბრიდან, ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 4 ათასს აჭარბებს.
  • ისრაელის არმიის ინფორმაციით, რომელიც 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა, „ჰამასს“ მძევლად ჰყავს სულ მცირე 199 ადამიანი. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ირწმუნება, რომ 250-მდე ტყვე ჰყავს.