ზურაბიშვილი ოპოზიციას ურჩევს, „ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ" გარეთ დადგეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

„ჩემი დუმილის დრო დასრულდა", - ამ სიტყვებით დაიწყო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი მიმართვა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა მის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა რცხვენოდეს საკუთარი გადაწყვეტილების და განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.

„მე, მართალი გითხრათ, დღეს, ცოტა არ იყოს, გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე არაფერი მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი. მაგრამ გული მეტკინა საკონსტიტუციო სასამართლოს გამო, რომელიც დღესდღეობით იყო დარჩენილი ჩვენს სამართლებრივ სისტემაში ერთ-ერთი ადგილი, რომელსაც გარკვეულწილად იმსახურებდა სასამართლო.

დღეიდან უკვე ესეც აღარ არის, ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც მას უნდა რცხვენოდეს. ყოველივე მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს. სამმა ადამიანმა გარკვეულწილად გადაარჩინა საკუთარი რეპუტაცია უფრო, ვიდრე საკონსტიტუციოსი.

ეს არის ძალიან დიდი ზიანის მიყენება, იმ დროს, როცა პრაქტიკულად ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი უკვე არის ასეთი, დამახინჯებული, ვთქვათ და აღარ დარჩა დამოუკიდებლობის დამცველი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, გარდა ერთისა - პრეზიდენტი.

მე მინდა გაგამხნეოთ, გითხრათ თქვენ, საზოგადოებას, ყველას, ვინც მისმენს, რომ მე არსად არ მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი - ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის", - თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ოცნებების ასრულების დრო დამთავრდა. ზურაბიშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხსა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

„ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი ან სცადეს და დემოკრატიაც. ქვეყანა, რომელშიც არანაირი ბალანსი არ არსებობს სხვადასხვა შტოებს შორის, ის ქვეყანა ვერ ჩაითვლება, როგორც დემოკრატიული ქვეყანა.

ეს არის მცდელობა „ოცნების“, მაგრამ „ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა, მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ. თვითონ იფიქრონ მერე, რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდა მათთვის. ეს მე არ მაინტერესებს. მაინტერესებს, სად გამოვადგები ამ ქვეყანას უფრო - როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს. ამას გვეტყვის ახლო მომავალი, როგორ და რა იქნება. მაგრამ თქვენ მინდა გითხრათ, რომ ერთად, რადგან მე ვიცი და მჯერა, რომ მთელი საზოგადოება ამ ევროპულ გზაზე არის გაერთიანებული, ჩვენ ერთად მივაღწევთ ამ შედეგს, პირველ შედეგს ამ წლის ბოლოს, რაც არ უნდა ხელს გვიშლიდნენ შიგნიდან ვიღაცები. მომავალი წლის ბოლოს უკვე შემდეგი ეტაპი. წინ გვაქვს წელიწადი, წელიწად-ნახევარი და ამ ყველაფერს მივაღწევთ და მივაღწევთ ასევე თავისუფალ არჩევნებს. ნურავინ ნუ დაკარგავს იმედს და ჩვენ ყველაფერს შევძლებთ ერთად", - აღნიშნა მან.

პრეზიდენტი ოპოზიციას მიმართავს, რომ გარეთ დადგეს პარლამენტში მისი იმპიჩმენტის პროცედურის დროს, თავად კი მზად არის, სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წინაშე მარტო გამოცხადდეს.

„პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად.

მინდა ვურჩიო (ყველას გადასაწყვეტია და მე ვერავის ვერაფერს ვუკარნახებ) ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, რომ სურათი დადგეს ძლიერი, გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. შიგნით მე ვიქნები და გამოვალ, თუ სიტყვა მომცეს. თუ არა, გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი.

ამ მხარდაჭერისთვის, რაც ვიცი, რომ არის ქვეყანაში, ერთად ვიბრძოლებთ და ერთად ვიდგებით ბოლომდე", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე ნახეთ სასამართლომ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინა
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს პარლამენტი ამ კვირაში უყრის კენჭს - ამბობს ირაკლი კობახიძე

16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა პრეზიდენტის წინააღმდეგ მიღებულ წარდგინებაზე გადაწყვეტილება. პლენუმმა მიიჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნებში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

უარყოფითი დასკვნის მოსამზადებლად საკმარისი იყო 9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა:

  • ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ჰქონდათ მერაბ ტურავას, ევა გოცირიძეს, გიორგი თევდორაშვილს, ხვიჩა კიკილაშვილს, მანანა კობახიძესა და ვასილ როინიშვილს;
  • განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.

1 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტია იწყებდა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 14 სექტემბერს შევიდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკითხის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად კონსტიტუცია 1-თვიან ვადას აძლევდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პარლამენტში კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო სასამართლოს უარყოფითი დასკვნა (9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა). ამის შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე ორი კვირის ვადაში დგება - პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭიროა 100 დეპუტატის ხმა, რაც მმართველ პარტიას დღევანდელი მდგომარეობით არ აქვს.