მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი პარლამენტში მიმდინარე კვირაში განიხილება. ამის შესახებ მან განაცხადა პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბრიფინგი გამართა.
ასევე ნახეთ სასამართლომ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინა"მიმდინარე კვირაში ქართველი ხალხის მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის ღირსი საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს. სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ ის მყისიერად გადადგებოდა თანამდებობიდან...
ის დღეიდან მხოლოდ ფორმალურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტად. საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს, ის სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება, ამერიკული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ე.წ. კოჭლ იხვად, რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" არის ადევნებული", - თქვა მან.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მმართველ პარტიას არ აქვს პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა და ისაუბრა ოპოზიციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე:
"იმედს ვიტოვებთ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა რეაგირების გარეშე არ დატოვოს".
დღეს, 16 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა პრეზიდენტის წინააღმდეგ მიღებულ წარდგინებაზე გადაწყვეტილება. პლენუმმა მიიჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნებში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
უარყოფითი დასკვნის მოსამზადებლად საკმარისი იყო 9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა:
- ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ჰქონდათ მერაბ ტურავას, ევა გოცირიძეს, გიორგი თევდორაშვილს, ხვიჩა კიკილაშვილს, მანანა კობახიძესა და ვასილ როინიშვილს;
- განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.
ასევე ნახეთ მოსამართლეები, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ - რა ვიცით მათზე
1 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტია იწყებდა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 14 სექტემბერს შევიდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკითხის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად კონსტიტუცია 1-თვიან ვადას აძლევდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პარლამენტში კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო სასამართლოს უარყოფითი დასკვნა (9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა). ამის შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე ორი კვირის ვადაში დგება - პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭიროა 100 დეპუტატის ხმა, რაც მმართველ პარტიას დღევანდელი მდგომარეობით არ აქვს.