გელა მთივლიშვილი: ჩვენ მიმართ "რუსული კანონი" აამოქმედეს, გვიბლოკავენ საგრანტო გადმორიცხვებს

გელა მთივლიშვილი

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელიც ორ მედიაგამოცემას - "მთის ამბებსა" და "საქართველოს ამბებს" ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ პრობლემები ექმნებათ საგრანტო გადარიცხვებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბანკი მათგან ითხოვს თანამშრომლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლებსა და სხვა დოკუმენტებს - ამ დოკუმენტების მოთხოვნის შესაძლებლობა უჩნდებოდა იუსტიციის სამინისტროს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ე.წ. აგენტების კანონი ამოქმედდებოდა.

მმართველ პარტიას მარტში უნდოდა მიეღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელიც ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც უცხოურ დაფინანსებას იღებს, აგენტად დარეგისტრირებას დაავალდებულებდა. მმართველმა პარტიამ პარტნიორების მოწოდება არ გაიზიარა და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ შეცვალა, რაც ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

"ამბავი უნდა მოგიყვეთ იმაზე, როგორ აამუშავეს ჩვენს მიმართ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონი, მთელი თავისი სულისკვეთებით, იმის მიუხედავად, რომ კანონად ვერ აქციეს...

მიმდინარე წლის 12 სექტემბრის შემდეგ "ლიბერთი ბანკი" უცხოეთიდან ყველა საგრანტო გადმორიცხვას გვიბლოკავს და უკან აბრუნებს", - წერს გელა მთივლიშვილი ფეისბუკში.

რადიო თავისუფლებამ "ლიბერთი ბანკთან" დაკავშირება ვერ შეძლო - პრესსამსახურის თანამშრომელმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ამ მედიაორგანიზაციების არსებობა დონორი ორგანიზაციების მხრიდან მიღებულ დაფინანსებაზეა დამოკიდებული. მთივლიშვილი ბანკისგან შეზღუდვების ამოქმედებას უკავშირებს ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ ბოლო პერიოდში გავრცელებულ კრიტიკას.

მისი თქმით, ბანკი მედიაორგანიზაციისგან ითხოვს, რომ წარუდგინოს:

  • ინფორმაცია შესრულებულ ოპერაციებზე;
  • ჩარიცხვის საფუძვლები;
  • შესრულებული სამუშაოს აღწერილობა (სად, რა, როდის გაკეთდა);
  • კონტრაგენტებთან (თანამშრომლებთან და სხვა დაქირავებულ პირებთან) გაფორმებული ხელშეკრულებები.

"საყურადღებოა, რომ ამ ინფორმაციის წარდგენას ითხოვენ მიმდინარე წლის მარტის შემდეგ უცხოეთიდან მიღებულ ყველა საგრანტო ჩარიცხვაზე. არადა, გადმორიცხვის დოკუმენტებში ცხადად და სრულად წერია, რომ დონორები არიან საყოველთაოდ ცნობილი და ავტორიტეტული ფონდები დემოკრატიული ქვეყნებიდან და გაერთიანებებიდან...

ბანკი საერთაშორისო გადმორიცხვებს გვიბლოკავს სექტემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც განსაკუთრებული მონდომებით გვესხმიან თავს მმართველი პარტიის ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე შოვის ტრაგედიის გაშუქების გამო", - აცხადებს გელა მთივლიშვილი.

"ლიბერთი ბანკის" 77,64%-იანი წილი ეკუთვნის ხელისუფლების მიმართ მიკერძოებული არხის ("ქარტიის" ბოლო წლების მონიტორინგის ანგარიშები) - "იმედის" 100%-იანი წილის მფლობელ კომპანიას - "ჯორჯიან ფაინენშალ გრუპს", - რომლის მფლობელებიც არიან: ირაკლი რუხაძე, ბენ მარსონი და იგორ ალექსეევი.

გელა მთივლიშვილის დაფუძნებული მედიაორგანიზაციები - "მთის ამბები" და "საქართველოს ამბები" იყო ის მედიასაშუალებები, საიდანაც საზოგადოება ხშირ შემთხვევაში სახელისუფლებო წყაროებზე ადრე, იგებდა შოვში განვითარებული მეწყრული პროცესების შესახებ ახალ ამბებს.

ამ მოვლენების გაშუქების დროს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "მთის ამბებს" შოვში გადაღებული ფოტოს წაშლა მოსთხოვა. პაპუაშვილს, რომელიც დამეწყრილ ადგილას, შოვში, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მესამე დღეს ჩავიდა, არ მოეწონა გამოცემა "მთის ამბების" მიერ იმავე დღეს გამოქვეყნებული ფოტო, რომელშიც ჩანს, როგორ ლაპარაკობენ ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთთან.

ასევე ნახეთ "იმედია, ამ სტატუსს წაშლით" - პარლამენტის თავმჯდომარე მედიას

ამავე მოვლენების გაშუქების დროს გელა მთივლიშვილს ამბროლაურის საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან", ელიზბარ კობახიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენა. საკრებულოს დეპუტატმა ჟურნალისტებს მიმართა: "თქვენ არ ხართ ქართველები, ხართ მოგზავნილები". მანვე გელა მთივლიშვილს უთხრა, რომ "წყალში გადააგდებდა", თუკი "წესიერად არ მოიქცეოდა".

ასევე ნახეთ „თქვენსავით დაწკეპილი კი არ მოვსულვარ, პოლიეთილენის შეფუთვებით“, - ვის მიმართა მთივლიშვილმა, მას შემდეგ, რაც შეურაცხყოფა მიაყენეს