ჩრდილოეთმა კორეამ უკვე დაიწყო რუსეთისთვის სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის გადაცემა - თეთრი სახლი

ჯონ კირბი, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში

ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს 1000-ზე მეტი კონტეინერი სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გადასცა, - ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯონ კირბიმ, 13 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა.

საერთაშორისო მედიის ცნობით, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოების სერია, სადაც ნაჩვენებია ჩრდილოეთ კორეიდან სამხედრო ტვირთის გადატანა რუსეთის დროშის ქვეშ მყოფი გემით. ვაშინგტონის თქმით, ეს 7 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე მოხდა.

"ჩვენ ვგმობთ ჩრდილოეთ კორეას ამ სამხედრო ტექნიკის რუსეთისთვის გადაცემის გამო, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებისთვის, უკრაინელი სამოქალაქო პირების მკვლელობისა და რუსეთის მიერ არალეგიტიმური ომის შემდგომი გაგრძელებისთვის", - თქვა კირბიმ.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ფხენიანსა და მოსკოვს შორის პარტნიორობის გაფართოება საფრთხეს წარმოადგენს რეგიონული სტაბილურობისა და ბირთვული იარაღის გავრცელების გლობალური რეჟიმისათვის.


"ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩრდილოეთი კორეა ფარულად დაეხმაროს რუსულ სამხედრო მანქანას. და მსოფლიომ უნდა იცოდეს იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელიც რუსეთს შეუძლია კვლავ საპასუხოდ აღმოუჩინოს ჩრდილოეთ კორეას", - დასძინა ჯონ კირბიმ.

აშშ-მა ერთი თვის წინ უკვე გააფრთხილა ჩრდილოეთი კორეა, თავი შეეკავებინა რუსეთისათვის საბრძოლო მასალისა და იარაღის მიწოდებისგან.

ეს გაფრთხილება გაისმა უფრო ადრე, ვიდრე ცნობილი გახდებოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის რუსეთში ვიზიტის შესახებ.

ასევე ნახეთ

აშშ ფიქრობს, ხელი შეუშალოს რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო თანამშრომლობას

კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში, თუმანგანის სატვირთო მატარებლების სადგურზე, რომელიც რუსეთის საზღვარზე მდებარეობს, მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამას მოწმობს სატელიტური სურათები.

ამერიკული სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის კორეული კვლევითი პროექტი იტყობინება, რომ 5 ოქტომბერს სადგურზე ერთდროულად 73-მდე სატვირთო ვაგონი იმყოფებოდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სადგურზე არასდროს ყოფილა 20-ზე მეტი ვაგონი, აღნიშნავენ მკვლევრები. ისინი ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება ნიშნავდეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის, კერძოდ, არტილერიისა და ჭურვების მიწოდების დაწყებას.