Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ფიქრობს, ხელი შეუშალოს რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო თანამშრომლობას


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა (მარჯვნივ) და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის შეხვედრა. 13 სექტემბერი, 2023 წელი
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა (მარჯვნივ) და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის შეხვედრა. 13 სექტემბერი, 2023 წელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა შეიძლება ნიშნავდეს გაეროს უშიშროების საბჭოს მთელი რიგი რეზოლუციების დარღვევას.

ბაიდენის ადმინისტრაცია უყოყმანოდ შემოიღებს დამატებით სანქციებს რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის მიმართ, თუ ისინი იარაღით ვაჭრობის სფეროში ახალ ხელშეკრულებებს გააფორმებენ, განაცხადა მილერმა.

Reuters-ის თანახმად, ეს მილერმა თქვა ბრიფინგზე, როცა უპასუხა შეკითხვას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის მმართველის, კიმ ჩენ ინის შეხვედრის შესახებ.

„უკვე მივმართეთ ზომებს იმ ორგანიზაციების მიმართ სანქციების დაწესებაზე, რომლებმაც ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის იარაღის ვაჭრობაში იშუამდგომლეს და თუ ეს საჭირო გახდება, უყოყმანოდ დავაწესებთ დამატებით სანქციებს“, - განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ვაშინგტონი შეშფოთებულია, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის შეიძლება გაფართოვდეს თანამშრომლობა, რაც გაეროს რეზოლუციების დარღვევა შეიძლება იყოს. The New York Times-ი ადრე იტყობინებოდა, რომ ამ შეხვედრაზე შეიძლებოდა განეხილათ რუსეთისთვის ჩრდილოეთკორეული წარმოების იარაღის მიწოდების საკითხი.

ფხენიანი, თავის მხრივ, დაინტერესებულია რუსეთის სარაკეტო-კოსმოსური ტექნოლოგიით, წერდა გაზეთი.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის მოლაპარაკება 13 სექტემბერს რუსეთის „ვოსტოჩნის“ კოსმოდრომზე გაიმართა. შეხვედრა „სოიუზ-2-ის“ კოსმოსური სარაკეტო კომპლექსის ტექნიკური კომპლექსის საინჟინრო შენობის დარბაზში შედგა. მოლაპარაკების მოკლე, ღია ნაწილში კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეას სურს ურთიერთობების განვითარება, რადგან ის ყოველთვის მხარს უჭერდა „პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას“. მოლაპარაკების დახურულ ნაწილს, რომელიც საათ-ნახევარი გაგრძელდა, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დაესწრო. ამის შემდეგ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა პირისპირ ისაუბრეს, იუწყება კრემლის პრესსამსახური.

შეხვედრის დაწყებამდე, შეკითხვაზე, განიხილავდნენ თუ არა მოლაპარაკებაზე ფხენიანთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხს, პუტინმა თქვა: ”ჩვენ ვისაუბრებთ ყველა საკითხზე, ნელ-ნელა, დრო არის.”

ჩრდილოეთი კორეა მკაცრი საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება, მათ შორის სარაკეტო ტექნოლოგიის სფეროში. სანქციების მნიშვნელოვანი ნაწილი გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო და მათ მხარი რუსეთმაც დაუჭირა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კიმთან პუტინის მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი უარს იტყვიან ჩრდილოეთ კორეის საწინააღმდეგო სანქციებზე. ამასთან, მოგვიანებით პუტინმა განმარტა, რომ მოსკოვი იზიარებს გაეროს მიერ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში დაწესებულ, არსებულ შეზღუდვებს.

პუტინისა და კიმის შეხვედრის შემდეგ ოფიციალურად გადაწყვეტილებები არ გამოცხადებულა და ერთობლივი დოკუმენტები არ გაფორმებულა. გავრცელა ცნობა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მასპინძელი ფხენიანში მიიწვია. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA იტყობინება, რომ პუტინმა მიიღო მიწვევა. კრემლს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პუტინი იშვიათად მოგზაურობს საზღვარგარეთ.

XS
SM
MD
LG