წალენჯიხაში პროტესტი მოჰყვა სადღესასწაულო მორთულობის სახით ფერადი ქოლგების ჩამოკიდებას.
რამდენიმე მამაკაცმა ამწე კალათის დახმარებით ჩამოხსნა ორი ფერადი ქოლგა, რომლებიც „წალენჯიხა-ტერენტობასთან" დაკავშირებული სადღესასწაულო დეკორაციის ნაწილი იყო. ჟურნალისტებთან საუბარში თავიანთი საქციელი მათ ასე განმარტეს: "ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგებიან".
როგორც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ქოლგები მერიისგან დაუკითხავად ჩამოხსნეს ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრობის" ჯგუფის, "ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა.
„ესენი არიან „ალტ-ინფოსთან“ ასოცირებული ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთიდან ფინანსდებიან. ეს არის ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტი და ბუნებრივია მათი ეს რეაქციაც... სადღესასწაულო ატრიბუტები ჩვენ ტენდერში გვაქვს შეძენილი და ბოლო წელიწად-ნახევარია სულ ესენი ეფინება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დღესასწაულებზე. ამხელა სახალხო დღესასწაულია და ამ ორ ქოლგაზე საუბარი არის უკიდურესად უხერხული. ქოლგებზე, რომელიც არის უბრალოდ ფერადი“, - განაცხადა თამარ ბელქანიამ. მისი ინფორმაციით, ინციდენტი დილით მოხდა. მას შემდეგ კი ღონისძიება მშვიდ ვითარებაში ტარდება.
ასევე ნახეთ გლდანის პარკში ჩამოხსნეს ცისარტყელას მრავალფეროვანი ქოლგებიმუნიციპალიტეტში დღეს „წალენჯიხა-ტერენტობას“ აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით წალენჯიხის ცენტრში, ღია სივრცეში და პოეტ ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი. ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი ღონისძიება ყოველ 10 ოქტომბერს, პოეტის გარდაცვალების დღეს იმართება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ფერადი ქოლგების გამოჩენას უპირისპირდებიან. 2023 წლის მაისში, თბილისში გლდანის პარკის ადმინისტრაციამ ჩამოხსნა ფერადი ქოლგები. ადმინისტრაციაში მაშინ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ შეაჩერეს დეკორაციების მოწყობა, ვინაიდან არ სურთ "საზოგადოებაში აგრესიის გაღვივება და სიბრაზის გამოწვევა".