ისრაელის არმია: ფართომასშტაბიანი დარტყმებია „ჰამასის“ ობიექტებზე, მათ შორის გვირაბებზე

ისრაელის არმიის სამხედროები ქვეყნის სამხრეთიდან უტევენ ღაზის სექტორს. 2023 წლის 11 ოქტომბერი

ისრაელის არმია მეექვსე დღეა უტევს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორს.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი დარტყმებია „ჰამასის“ ობიექტებზე, მათ შორის გვირაბების ქსელზე, რომელსაც ტვირთების ტრანსპორტირებისა და ისრაელზე თავდასხმების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის იყენებენ.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული რამდენიმე საათის განმავლობაში, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა და 281 დაიჭრა. 11 ოქტომბერს, დღის ბოლოს, პალესტინური მხარე აცხადებდა, რომ საერთო ჯამში, დაღუპულია 1100-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის არმიის ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმას ემსხვერპლა სულ მცირე 1200 ადამიანის სიცოცხლე.

გაეროს მიერ დღეს, 12 ოქტომბერს, განახლებული მონაცემებით, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 338 934-მა ადამიანმა. ღაზის სექტორის მოსახლეობა 2,3 მილიონია. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული რეგიონი ისრაელს და ეგვიპტეს ესაზღვრება. ღაზის სექტორი ამჟამად ორივე მხრიდან ჩაკეტილია.

ასევე ნახეთ აშშ ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად განიხილავს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას
  • 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. პასუხად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
  • 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
  • 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.
  • „ჰამასს“ მძევლად ჰყავს, სხვადასხვა მონაცემით, 100-დან 150-მდე ადამიანი.

რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელს მიიჩნევს არალეგიტიმურ და ოკუპანტ სახელმწიფოდ, რომელსაც დაპყრობილი აქვს პალესტინის ტერიტორია.

„ჰამასისთვის“ კონკურენტია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაწილობრივ აღიარებული პალესტინის სახელმწიფოს სათავეში მყოფი, პარტია „ფათაჰის“ ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობს. ეს ადმინისტრაცია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს აკონტროლებს.