რუსთავის საქალაქო სასამართლომ 14 წლის მოკლული გოგოს დედას და ბიძას პატიმრობა შეუფარდა

რუსთვის საქალაქო სასამართლო

14 წლის გოგოს, აითაჯ შახმაროვას, განზრახ მკვლელობის საქმეზე, მოკლულის დედას და ბიძას პატიმრობა შეუფარდა რუსთვის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ. აითაჯ შახმაროვას დედას და ბიძას ბრალად ედებათ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა.

სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.

გამოძიების ვერსიით, 2023 წლის ზაფხულში, ქორწინების იძულების მიზნით, არასრულწლოვანს გამტაცებელმა, ასიმ ასლანოვმა, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც გოგოს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. ამის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დაუკავშირდა დედას და შეატყობინა თავისი გატაცების თაობაზე, რაც ცნობილი გახდა ასევე არასრულწლოვანის ბიძისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ არსრულწლოვანის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს", - განაცხადა პროკურატურამ.

პოლიციამ 10 ოქტომბერს დააკავა 27 წლის ასიმ ასლანოვი, რომელსაც ბრალად ედება არარეგისტრირებულ „ქორწინებაში” მყოფი 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო ტარება. ასლანოვს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ასევე ნახეთ 14 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით 27 წლის კაცი დააკავეს
ასევე ნახეთ როგორ მოკლეს აითაჯი - 14 წლის გოგო დმანისიდან