პოლიციამ დააკავა 27 წლის კაცი, რომელსაც 14 წლის გოგოს მკვლელობა ედება ბრალად. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
დაკავებულს გამოძიება ედავება განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარებას.
"გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს", - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, 14 წლის გოგო იძულებით ქორწინების მსხვერპლი იყო - გამოძიება მიმდინარეობს მე-11 პრიმა 150-ე პრიმა მუხლით - ქორწინების იძულების ფაქტზეც.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში კაცმა არარეგისტრირებულ “ქორწინებაში” მყოფი 14 წლის გოგო მოკლა. ასიმ ასლანოვს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს და თელავის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - ის დაკავებამდე მიმალვაში იყო.
მოკლული გოგოს დედა ამბობს, რომ მისი შვილი ქორწინების წინააღმდეგი იყო და გამტაცებლის ოჯახიდან გაქცევას ცდილობდა, თუმცა ვერ ახერხებდა. მკვლელობაც გაქცევის მორიგი მცდელობის დროს მოხდა.