საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგოს, აითაჯ შახმაროვას, განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდება წარუდგინა მოკლულის დედას. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა აითაჯ შახმაროვას დედის დაკავების შუამდგომლობით, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამავე ბრალდებით 11 ოქტომბერს დააკავეს აითაჯის ბიძა.
ასევე ნახეთ 14 წლის მოკლული გოგოს ბიძა დააკავეს ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებითშინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ვერსიით, 2023 წლის ზაფხულში, ქორწინების იძულების მიზნით, არასრულწლოვანს გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც გოგოს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. როგორც შსს აცხადებს, აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დაუკავშირდა დედას და შეატყობინა თავისი გატაცების თაობაზე, რაც ცნობილი გახდა ასევე არასრულწლოვანის ბიძისთვის.
„მიუხედავად იმისა, რომ არსრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს.
ასევე ნახეთ 14 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით 27 წლის კაცი დააკავეს„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 14 წლის არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც ბრალდებულისთვის სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების ბრალად შერაცხვის, ასევე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი შესაძლო სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.
საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს", - აცხადებს პროკურატურა.
ასევე ნახეთ როგორ მოკლეს აითაჯი - 14 წლის გოგო დმანისიდან