14 წლის მოკლული გოგოს ბიძა დააკავეს ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ნ.მ.

შსს-მ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის გოგოს ბიძა - 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.მ. მას ბრალად ედება ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულა 2009 წელს დაბადებული აითაჯ შახმაროვა, ცოლად გაჰყოლოდა 1996 წელს დაბადებულ ასიმ ასლანოვს. როგორც შსს აცხადებს, ამის შემდეგ ასიმ ასლანოვმა, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა არასრულწლოვან გოგოს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში წაიყვანა.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულისთვის ცნობილი იყო ასიმ ასლანოვის მხრიდან აითაჯ შახმაროვას მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

როგორც შსს აცხადებს, გოგოს წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრალდებული არასრულწლოვანს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით კვლავ აიძულებდა ასიმ ასლანოვთან იძულებით ქორწინებაში დარჩენას.

ასევე ნახეთ პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა 14 წლის მოკლული გოგოს, აითაჯ შახმაროვას დედას

6 ოქტომბერს ასიმ ასლანოვმა აითაჯ შახმაროვას ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ასიმ ასლანოვი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ბრალდებით დააკავეს.

ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა და სსკ-ის 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე ნახეთ როგორ მოკლეს აითაჯი - 14 წლის გოგო დმანისიდან

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. მოგვიანებით, 10 ოქტომბერს, ასიმ ასლანოვი დააკავეს 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ასევე ნახეთ 14 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით 27 წლის კაცი დააკავეს