ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს შტაბ-ბინაში იენს სტოლტენბერგთან და მოკავშირეებთან გამართავს მოლაპარაკებას

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 11 ოქტომბერს ჩავიდა ბრიუსელში, სადაც რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად ეწვევა ნატოს შტაბ-ბინას და მოლაპარაკებებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან.

დღეს, 11 ოქტომბერს, ბრიუსელში გაიმართება უკრაინის მოკავშირეების შეხვედრა რამშტაინის ფორმატში და ასევე ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა უკრაინა-ნატოს საბჭოს ფარგლებში.

გუშინ, 10 ოქტომბერს, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ახალი, "ზამთრის დახმარების პაკეტი“, რომლის ფარგლებში უკრაინა, საერთო ჯამში, დაახლოებით 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკას და შეიარაღებას მიიღებს.

დახმარება, კერძოდ, მოიცავს საჰაერო თავდაცვის, მათ შორის Patriot-ის და IRIS-T-ის სისტემებს, ათ ერთეულ ტანკ „ლეოპარდს“, სამ საზენიტო თვითმავალ დანადგარს და თხუთმეტ ჯავშანტექნიკას.

ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ლუდივინ დენდონდერმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა 2025 წლიდან დაიწყებს უკრაინაში გამანადგურებელი თვითმფრინავების, F-16-ის, გაგზავნას. დენდონდერს არ დაუზუსტებია, თუ რამდენი თვითმფრინავის გაგზავნას აპირებს ბელგია უკრაინაში.

მანამდე დასავლეთის ქვეყნები უკრაინას დაახლოებით 50 ერთეული F-16 გამანადგურებლის მიწოდებას დაჰპირდნენ.

ასევე ნახეთ ისრაელისა და "ჰამასის" ომი - რა გამოწვევის წინაშეა უკრაინა?