1200-მდე გაიზარდა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ამის შესახებ ისრაელის სამაუწყებლო კორპორაციის ტელეარხი Kan-ი იუწყება. მანამდე დადასტურებული იყო 1000 ადამიანის სიკვდილი. ისრაელის დასახლებებში, რომლებიც ღაზის სექტორს ესაზღვრება, დღემდე პოულობენ რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმისას მოკლულთა გვამებს.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 10 ოქტომბერს, დღის ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაღუპულია 900 ადამიანი.
ისრაელის თავდაცვის ძალების ავიაცია მეხუთე დღეა ბომბავს ღაზის სექტორს. დღეს დილით არმიის სარდლობამ განაცხადა, რომ ათეულობით ავიაგამანადგურებელმა იერიში მიიტანა 70-ზე მეტ სამიზნეზე დარაჯ-ტუფის რაიონში, საიდანაც „ჰამასი“ ისრაელის წინააღმდეგ ტერაქტებს ახორციელებდა. ისრაელის არმიის ცნობითვე, განადგურებულია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი ობიექტიც. ისრაელის მონაცემებით, გასულ 24 საათში ღაზის სექტორში, „ჰამასის“ პოზიციებზე 450-ზე მეტი ავიადარტყმა იყო.
პალესტინური მხარე აცხადებს, რომ ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორის აღმოსავლეთ ნაწილში დაბომბა მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები.
ასევე ნახეთ გაერო მიუთითებს ისრაელის კონფლიქტში მხარეთა მიერ ჩადენილ სავარაუდო სამხედრო დანაშაულებზე, გმობს ღაზის ბლოკადასისრაელის გამოცემა Haaretz-ი პალესტინური მხარის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის არმიის სამხედროებმა ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისში შეტევა განახორციელეს მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ხელმძღვანელის, მუჰამად დეიფის სახლზე. გამოცემის წყაროთა თანახმად, სავარაუდოდ, დაიღუპნენ დეიფის ოჯახის წევრები. თავად მუჰამად დეიფის ადგილსამყოფელი უცნობია. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური სხვადასხვა დროს გადაურჩა შვიდ თავდასხმას, ბოლოს 2021 წელს და საჯაროდ იშვიათად ჩნდება.
- 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. პასუხად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
- 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
- 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.
- „ჰამასს“ მძევლად ჰყავს, სხვადასხვა მონაცემით, 100-დან 150-მდე ადამიანი.
რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელს მიიჩნევს არალეგიტიმურ და ოკუპანტ სახელმწიფოდ, რომელსაც დაპყრობილი აქვს პალესტინის ტერიტორია.
„ჰამასისთვის“ კონკურენტია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაწილობრივ აღიარებული პალესტინის სახელმწიფოს სათავეში მყოფი, პარტია „ფათაჰის“ ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობს. ეს ადმინისტრაცია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს აკონტროლებს.