ისრაელისა და „ჰამასის“ ომის ფონზე მოსკოვში ვიზიტს გეგმავს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაწილობრივ აღიარებული პალესტინის მეთაური მაჰმუდ აბასი. პალესტინის წარმომადგენელმა რუსეთში აბდელ ჰაფიზ ნოფალმა გამოცემა РБК-ს განუცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია და ახლა ელოდებიან, რომ კრემლი ოფიციალურად გამოაცხადებს მოსკოვში აბასის ვიზიტის თარიღს.
ნოფალის თქმით, რამდენიმე წლის წინ, პრეზიდენტ პუტინის შეთავაზება იყო, რომ აბასს და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მოლაპარაკება მოსკოვში გაემართათ და პალესტინური მხარე ამას დათანხმდა, თუმცა შედეგი არ დამდგარა.ნოფალის თანახმად, ამ ეტაპზე მოსკოვში პალესტინა-ისრაელის მოლაპარაკების შესაძლებლობა არ არსებობს, უკრაინაში და მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით.
მაჰმუდ აბასის პარტია „ფათაჰი“ და ეროვნული ადმინისტრაცია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს აკონტროლებენ. „ფათაჰის“ კონკურენტია რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“, რომლის გასამხედროებული დაჯგუფება 7 ოქტომბერს თავს დაესხა ისრაელს. პასუხად ისრაელის არმიამ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორზე. შეიარაღებულ დაპირისპირებას ორივე მხრიდან უკვე 1 600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პალესტინის წარმომადგენელი რუსეთში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მთავარია მკვლელობის და ნგრევის შეჩერება. ნოფალის თანახმად, ეროვნულ ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, რამდენი ადამიანი ჰყავს მძევლად „ჰამასს“.
ასევე ნახეთ „ჰამასი“ მძევლების მოკვლით იმუქრება- 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. პასუხად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
- 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
- 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.