„Georgian Airways-ის" წინა დღით ნაყიდ ბილეთში 100 დოლარზე მეტი არასოდეს გადამიხდია" - ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქე

საილუსტრაციო ფოტო: ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავი

ისრაელში, ქალაქ თელ-ავივში მყოფი საქართველოს მოქალაქე ლაშა შაყულაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს ძალიან ბევრს მოქალაქეს სურს სამშობლოში დაბრუნება, თუმცა ვერ ახერხებს ავიაბილეთების დეფიციტისა და მაღალი ფასის გამო.

ისრაელიდან საქართველოში ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ გარდა, რეისებს ისრაელის რამდენიმე კომპანია ასრულებს.

„ჯორჯიან ეარვეისის" ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 12 ოქტომბერს ავიაბილეთების ფასი თელ-ავივის ბენ გურიონის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით 1663 ლარია.

„ბევრს უნდა წამოსვლა, აქ არალეგალურად მცხოვრებ ქართველებსაც, მაგრამ ძვირია ბილეთები. „ჯორჯიან ეარვეისის“ წინა დღით ნაყიდ ბილეთში 100 დოლარზე მეტი არასოდეს გადამიხდია, ახლა 1000 ლარია“, - ეუბნება ლაშა შაყულაშვილი რადიო თავისუფლებას.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ეკონომ კლასის ბილეთებზე ფასი არ გაზრდილა, ორიათასლარიანი ბილეთები კი, რომლის შესახებაც ვრცელდებოდა ცნობები სოციალურ ქსელებში, ბიზნესკლასის ბილეთები იყო.

ჩვენ არ გვაქვს ფიქსირებული ფასი ბილეთებზე და არც ბოლო პერიოდში გაგვიზრდია არც ერთ მიმართულებაზე ღირებულება, ყველა რეისზე სხვადასხვა ფასია, დატვირთვიდან გამომდინარე. ერთი დღით ადრე ბილეთის ყიდვისას, შესაძლოა არა იაფიანი, არამედ საერთოდ აღარ იყოს ბილეთი, ამიტომ გთხოვთ, წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი“, - წერს ავიაკომპანია ფეისბუკის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება ისრაელიდან სპეციალური რეისის განხორციელება საქართველოს მოქალაქეების წამოსაყვანად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლების უთხრეს, რომ „სრულდება რეგულარული რეისები, რითაც გამომგზავრების მსურველები სარგებლობენ. საელჩო ხაზზეა იქ მყოფ ქართველებთან და ყველა მათი საჭიროება დაცულია, იქნება ეს თავშესაფარი თუ სხვა. რაც შეეხება ფრენებთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს, გთხოვთ იხელმძღვანელოთ ,,აირზენას” მიერ გავრცელებული განცხადებით“.

ასევე ნახეთ ისრაელში საქართველოს ელჩის თქმით, დასტურდება ორი ქართველი ებრაელის გარდაცვალება

საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის არ ფლობენ მონაცემს, საქართველოს რამდენმა მოქალაქემ დატოვა ისრაელი.

ზოგიერთმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ შეაჩერა ფრენები თელ-ავივის მიმართულებით ან უკან. სააგენტო Reuters-ის თანახმად, უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებამდე ამერიკული და ევროპული საავიაციო რეგულატორები ავიაკომპანიებს მოუწოდებენ უსაფრთხოების გაძლიერებისკენ, მათ შორის მარშრუტების შეცვლისკენ,

კვირას აშშ-ის ავიაკომპანიებმა United Airlines-მა (UAL.O), Delta Air Lines-მა (DAL.N) და American Airlines-მა (AAL.O) შეაჩერეს პირდაპირი ფრენები უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე.

2023 წლის ოქტომბრის ესკალაცია ყველაზე მასშტაბურია ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში, რომელიც მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან გრძელდება და უკავშირდება სუვერენიტეტს ტერიტორიებზე, რომლებიც თავის დროზე პალესტინის ისტორიული ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.

„ჰამასის“ თავდასხმა დაგმეს და ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის სახელმწიფოებმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და სხვა არაერთმა ქვეყანამ.

ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრეს და „ჰამასს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანმა და სირიამ. საუდის არაბეთმა, კუვეიტმა, ერაყმა, კატარმა და ომანმა განაცხადეს, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ოკუპაციის და პალესტინელი ხალხისთვის კანონიერი უფლებების წართმევის შედეგია.