გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა წარმომადგენელმა მიავლინა მისია, რომელმაც უკრაინის ხარკოვის ოლქში, სოფელ გროზაში, კაფესა და მაღაზიაზე სარაკეტო თავდასხმის გარემოებებზე საგამოძიებო მასალები უნდა შეაგროვოს.
5 ოქტომბერს განხორციელებულ ამ თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 52 ადამიანი ემსხვერპლა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა მკაცრად დაგმო თავდასხმა და განაცხადა, რომ სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა აკრძალულია საერთაშორისო სამართლით. გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი წარმომადგენლის უწყებაში აცხადებენ, რომ თავდასხმა განახორციელეს რუსეთის სამხედროებმა, თუმცა არ არის „სრულად დადასტურებული".
გაეროს მისია აპირებს თავდასხმის თვითმხილველები დაკითხოს. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი სამოქალაქო ობიექტებს თავს არ ესხმის. თუმცა მას პირდაპირ არ უარუყვია, რომ გროზაზე თავდასხმა რუსეთის არმიამ განახორციელა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დარტყმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
გროზაში თავდასხმისგან გამოწვეული მსხვერპლის რიცხვი - ერთი დარტყმით - ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
ასევე ნახეთ ათობით ადამიანი დაიღუპა რუსი სამხედროების მიერ კუპიანსკის დაბომბვის შედეგად - უკრაინის სარდლობაგავრცელებული ცნობით, კაფეში, რომელზეც სარაკეტო თავდასხმა მოხდა, ფრონტზე დაღუპული სამხედროს ქელეხი იმართებოდა. გროზა ფრონტიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.
Amnesty International-მა თავდასხმა ომის დანაშაულად შეაფასა. დასავლეთის რიგმა ქვეყნებმა მკაცრად დაგმეს კაფესა და მაღაზიაზე თავდასხმა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს "მიზანმიმართული ტერაქტი" უწოდა.
ასევე ნახეთ რუსეთის რა ჩანაფიქრი დგას ხარკოვის დაბომბვის უკან?