პრეზიდენტი რუსეთის საზღვაო ბაზის საკითხზე საერთაშორისო საზოგადოებას მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის ოჩამჩირეში განთავსების გეგმას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებით გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროპული გზისთვის. ზურაბიშვილი საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება - სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში მორიგი სამხედრო და პირველი საზღვაო ბაზის გახსნა. ეს პროვოკაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს.

ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს.

მოვუწოდებ საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მყისიერი რეაგირება", - ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გადაწყვეტილება არის "ოკუპაციის გაგრძელება" და "უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა და მსგავს ქმედებებს უწოდა„მორიგი პროვოკაციული მცდელობა“, რომელიც მიმართულია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ“.

ასევე ნახეთ რუსეთის სამხედრო ფლოტი ოჩამჩირეში - „ეს არის სიგნალი, რომ არ აპირებენ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას"

რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის მუდმივი პუნქტის განთავსების საკითხს 6 ოქტომბერს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში და გეგმას "უკიდურესად შემაშფოთებელი" უწოდა.

ასევე ნახეთ რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტის განთავსებას აპირებს - ბჟანია

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გამოცემა „იზვესტიასთან" ინტერვიუში ილაპარაკა ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსების გეგმის შესახებ.

ასევე ნახეთ ჰერჩინსკი: შემაშფოთებელია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე განცხადება