ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი მედიის შეკითხვის პასუხად გამოეხმაურა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში, რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის მუდმივი პუნქტის განთავსების საკითხს. ელჩის თქმით, განცხადება უკიდურესად შემაშფოთებელია და წარმოადგენს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულების დარღვევას.
„ნება მიბოძეთ, ევროკავშირის პოზიცია ხმამაღლა და მკაფიოდ გავიმეორო: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთის სეპარატისტულ და ოკუპირებულ რეგიონში კიდევ ერთი შესაძლო რუსული ბაზის შექმნის შესახებ გავრცელებული განცხადება, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელია. ეს იქნება 2008 წლის ექვსპუნქტიანი გეგმის მიხედვით რუსეთის ვალდებულების აშკარა დარღვევა, რომელზედაც ჩვენ, ევროკავშირმა, მოვილაპარაკეთ. ასე რომ, ცხადია, ეს ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან კომენტარში, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" მიმდინარე კონფერენციამდე. კონფერენცია დემოკრატიის მომავალზე მსჯელობას ეძღვნებოდა და ორგანიზებული იყო აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის მიერ.
ასევე ნახეთ რუსეთის სამხედრო ფლოტი ოჩამჩირეში - „ეს არის სიგნალი, რომ არ აპირებენ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას"
ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსების გეგმის შესახებ გუშინ 5 ოქტომბერს გახდა ცნობილი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გამოცემა "იზვესტიისთვის" მიცემული ინტერვიუდან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გადაწყვეტილება არის "ოკუპაციის გაგრძელება" და "უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას".
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტის განთავსების გეგმაზე: ეს არის ოკუპაციის შედეგი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა და მსგავს ქმედებებს უწოდა„მორიგი პროვოკაციული მცდელობა“, რომელიც მიმართულია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ“.
ასევე ნახეთ საქართველოს საგარეო უწყება შეშფოთებულია ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტის ბაზის განთავსების გეგმითამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა და უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილება.
2008 წლიდან რუსული სამხედრო ბაზა დგას გალში. ქალაქის გარდა, რუსეთის ბაზებია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში ლეკუხონაში, საბერიოსა და ჭუბურხინჯშიც. ამ სოფლებში უსაფრთხოებას ძირითადად რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ.