უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთი ახლა უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის გაყინვის გზებს ეძებს - არა იმიტომ, რომ მას მშვიდობა სურს, არამედ იმიტომ, რომ სამხედრო პოტენციალის აღდგენა სჭირდება. თუ ეს მოხდება, მაშინ, როგორც ზელენსკი ვარაუდობს, 2028 წელს რუსეთი კვლავ დაიწყებს შეტევას, ამჯერად არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ბალტიისპირეთის ქვეყნების და, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ.
ამის შესახებ ზელენსკიმ 5 ოქტომბერს ესპანეთში, ქალაქ გრანადაში, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე გამოსვლისას განაცხადა. ეს არაფორმალური ორგანიზაცია თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანას აერთიანებს, რუსეთისა და ბელარუსის გარდა.
ზელენსკის თქმით, მოსკოვი უარს არ ამბობს თავის მიზანზე, "ხელთ იგდოს სივრცე თავისი იმპერიისთვის და არ მისცეს საშუალება ევროპას, რომ იყოს თავისუფალი ერებისა და ეფექტური დემოკრატიების სივრცე".
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მოსკოვის ეს გეგმები შეიძლება დაირღვეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მარცხს განიცდის უკრაინის ომში. "აუცილებელია უკრაინაში გამარჯვება ისე, რომ პუტინმა ვერ შეძლოს აგრესიის მასშტაბების გაფართოება", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, შეინარჩუნონ ერთიანობა, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომლებიც შეერთებულ შტატებში წარმოიშვა უკრაინის დაფინანსების მხარდაჭერის მხრივ.
ამასთან, ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას. ზელენსკიმ მოკავშირეებს მოუწოდა, მიაწოდონ უკრაინას ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემები, ჭურვები, შორეული რადიუსის რაკეტები და თვითმფრინავები.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა კვირას, 1 ოქტომბერს, უკრაინაში ვიზიტის შემდეგ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი გააფართოებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, მიუხედავად აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილებისა, შეაჩეროს კიევისთვის დახმარება მომდევნო 45 დღის განმავლობაში, თავისი შუალედური ბიუჯეტიდან.
ასევე ნახეთ
ბორელი: ევროკავშირი უკრაინის უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან ვალდებულებებს ამზადებსაშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას და კონგრესს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე შეთანხმდეს ამ მიზნებისათვის თანხების გამოყოფაზე.