კობა ხუბუნაია წულუკიანის მოადგილედ დანიშნეს - ის კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელიც იქნება

კობა ხუბუნაია, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, კობა ხუბუნაია, რომელიც კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია, კულტურის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. როგორც სამინისტრო აცხადებს, ის გააგრძელებს კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შესრულებას.

„მინისტრის მოადგილის რანგში, კობა ხუბუნაიას საკურატორო სფეროში, სხვებს შორის, იქნება სამინისტროს ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაიას დანიშვნას კინემატოგრაფისტების პროტესტი და ბოიკოტი მოჰყვა. კინემატოგრაფისტების სახელით გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერდნენ რეჟისორები, სცენარისტები, მსახიობები, ოპერატორები, კინოსტუდიების წარმომადგენლები, ნათქვამი იყო, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით "სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. მხოლოდ დემოკრატიული წესით არჩეული მმართველის პირობებში შეძლებს კინოცენტრი უზრუნველყოს ქართველი კინემატოგრაფისტების სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლება. დამოუკიდებლობა კინოცენტრს! ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!"

ასევე ნახეთ 200-ზე მეტი კინემატოგრაფისტი ბოიკოტს უცხადებს კინოცენტრს

მანამდე კინოცენტრის თანამშრომლები კულტურის სამინისტროსთან აქციებს მართავდნენ.

კინოცენტრში დანიშვნამდე, ხუბუნაია მუშაობდა სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილედ.