რუსეთის პირველი არხის ყოფილ თანამშრომელს დაუსწრებლად მიუსაჯეს 8,5 წლით პატიმრობა

მარინა ოვსიანიკოვას მოსკოვში 2022 წლის 15 ივლისს გამართული ამ პიკეტისთვის დაუსწრებლად მიუსაჯეს 8,5 წლით პატიმრობა

მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში დამნაშავედ ცნო კრემლის მიერ კონტროლირებული ტელეკომპანიის, „პირველი არხის", საინფორმაციო პროგრამა „ვრემიას“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა. მას დაუსწრებლად მიესაჯა 8,5 წლით პატიმრობა.

მარინა ოვსიანიკოვა ცნობილი გახდა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე. 2022 წლის მარტში, პირდაპირი ეთერის დროს, ოვსიანიკოვა „ვრემიას“ სტუდიაში შევიდა ანტისაომარი პლაკატით, რომელზეც ეწერა, რომ პროპაგანდას არ უნდა დაუჯერონ. მარინა ოვსიანიკოვა 30 ათასი რუბლით დააჯარიმეს, რის შემდეგაც გერმანიაში გაემგზავრა.

2022 წლის ივლისში ოვსიანიკოვა რუსეთში დაბრუნდა იმ მოტივით, რომ ყოფილ ქმართან უნდა დაესრულებინა დავა შვილებზე მეურვეობის შესახებ. რუსეთში დაბრუნებულმა კრემლის ფონზე გამართა პიკეტი, რომლის დროსაც ხელში ეჭირა პლაკატი მოკლული უკრაინელი ბავშვების ფოტოებით და წარწერით, რომ „პუტინი მკვლელია და მისი ჯარისკაცები - ფაშისტები". მარინა ოვსიანიკოვა დააკავეს და აღკვეთის ზომად შეუფარდეს შინაპატიმრობა, საიდანაც 2022 წლის ოქტომბერში გაიქცა და ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება.

ასევე ნახეთ რუსეთში ძებნილთა სიაში შეიყვანეს ტელეჟურნალისტი, რომელმაც ეთერში გააპროტესტა უკრაინაში ომი

2022 წლის ივლისში გამართული პიკეტისთვის დღეს, 2023 წლის 4 ოქტომბერს, მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვას 8,5 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა, „პოლიტიკური მოტივით სიძულვილის“ გამო რუსული არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით. პროკურატურა 9,5-წლიან სასჯელს ითხოვდა.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის კანონმდებლობაში შეიტანეს მუხლები არმიის „დისკრედიტაციისა“ და მის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების შესახებ. „ფეიკად“ ითვლება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციისგან განსხვავებული ნებისმიერი ცნობა. „ფეიკების“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე 200-ზე მეტი პირის წინააღმდეგაა აღძრული.