პუტინმა „ვაგნერის“ ერთ-ერთ ყოფილ მეთაურთან განიხილა მოხალისეთა ქვედანაყოფების შექმნა

პრეზიდენტი პუტინი 28 სექტემბერს კრემლში შეხვდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ერთ-ერთ ყოფილ მეთაურს, ანდრეი ტროშევს და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, იუნუს-ბეკ ევკუროვს(ცენტრში)

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში შეხვდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ერთ-ერთ ყოფილ მეთაურს, გადამდგარ პოლკოვნიკ ანდრეი ტროშევს და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, იუნუს-ბეკ ევკუროვს. ინფორმაცია 28 სექტემბერს გამართული შეხვედრის შესახებ კრემლის ოფიციალურ საიტზე დღეს, 29 სექტემბერს, გამოქვეყნდა, თუმცა კონკრეტულად „ვაგნერი" ნახსენები არ არის.

ამ ინფორმაციის მიხედვით, პუტინმა ტროშევს მიმართა, რომ წინა შეხვედრაზე ისაუბრეს მოხალისეთა ქვედანაყოფების შექმნაზე, რათა მათ შეასრულონ სხვადასხვა საბრძოლო ამოცანა, „პირველ ყოვლისა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“. რუსეთი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ ომს.

კრემლის თანახმად, პუტინმა ტროშევს უთხრა, რომ წელიწადზე მეტხანს თავად იბრძოდა ასეთ ქვედანაყოფში და იცის ყველა საკითხი, რომლებიც წარმატების მისაღწევად დროულად უნდა გადაწყდეს და კავშირი აქვს ყოფილ თანამებრძოლებთანაც.

რუსეთის პრეზიდენტმა ახსენა სოციალური გარანტიებიც, რომლებიც ერთნაირი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საბრძოლო ამოცანებს ასრულებდა, მიუხედავად მათი სტატუსისა. პუტინის სიტყვებით, რომელიც კრემლს მოჰყავს, ტროშევსა და ევკუროვთან სწორედ ამ თემებს განიხილავდა. რით დასრულდა განხილვა და რა უთხრეს ტროშევმა და ევკუროვმა პუტინს, ამის შესახებ კრემლი არაფერს იუწყება.

აგვისტოს ბოლოს სხვადასხვა წყაროთი გავრცელდა ცნობები, რომ „ვაგნერის“ მეთაურებმა ტროშევი დაადანაშაულეს ღალატში და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კავშირის მქონე კერძო სამხედრო კომპანია „რედუტში“ გადასვლაში.

ასევე ნახეთ პუტინი: „ვაგნერი" არ არსებობს
ასევე ნახეთ კრემლი აცხადებს, რომ პრიგოჟინის დაღუპვის გამოძიება იოლი არ არის

ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილმა „ვაგნერმა“, რომელიც აქტიურად იყო ჩართული უკრაინის წინააღმდეგ ომში, საბრძოლო მოქმედებების ზონის დატოვება 2023 წლის მაისიდან, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღების შემდეგ დაიწყო, 23-24 ივნისს კი „ამბოხება“ მოაწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, „ვაგნერელების“ დიდმა ნაწილმა ბელარუსის ტერიტორიაზე გადაინაცვლა.

23 აგვისტოს რუსეთის ტვერის ოლქში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც, ოფიციალური ინფორმაციით, „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა. მისი სიკვდილი 27 აგვისტოს დაადასტურა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა.

ბოლო დღეებში დასავლური მედიით გავრცელდა ცნობები, რომ „ვაგნერელების“ ნაწილი ბელარუსიდან უკრაინის აღმოსავლეთში დაბრუნდა. ამას ადასტურებენ უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.