ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ახალი მრჩეველი ჰყავს

ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მალხაზ ღუღუნიშვილი დანიშნა. ეროვნულ ბანკში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ეს ახალი შტატია. მანამდე მალხაზ ღუღუნიშვილს ეროვნულ ბანკში უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. ამ პოზიციას გიორგი ფერაძე დაიკავებს.

ახალი შტატის შექმნის აუცილებლობის შესახებ ან განმარტავენ.

ღია წყაროების მიხედვით, მალხაზ ღუღუნიშვილი ეროვნულ ბანკში წლებია მუშაობს. მანამდე ის გენერალურ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში იყო დასაქმებული.

ამჟამად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას, ორი მრჩეველი ჰყავს. ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ გამოაცხადა, პოსტს ოქტომბრის ბოლოს დატოვებს.

20 სექტემბერს ასევე ცნობილი გახდა, რომ გადადგა ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტიც.

ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მრჩევლის გადადგომის ფონი იყო ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ეროვნული ბანკი გასუფთავდა“ და „იდეალური სურათი“ გამოჩნდა

14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსანს, ივანიშვილების ოჯახთან დაახლოებულ „ქართველ-რუს ოლიგარქს“, ბიზნესმენ ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა. საქართველოს საბანკო სექტორმა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო სანქციებს ემორჩილება, ფარცხალაძეზე დაკისრებული სანქციები გაითვალისწინა და მას ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდა. თავდაპირველად, 17 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებმა) განაცხადა, რომ ეს ასეც უნდა ხდებოდეს და ზოგადი მითითება ყველა სანქცირებულ პირზე ვრცელდება. ამაზე მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სების გადაწყვეტილება „არაკონსტიტუციურია“. ამის შემდეგ სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ნათია თურნავამ, ზუსტად ამ არგუმენტით გამოსცა ბრძანება და „გამონაკლისი“ დაუშვა. ბრძანების თანახმად, კომერციულ ბანკებს სებისგან მოეხსნათ სანქციების გავრცელების ვალდებულება საქართველოს მოქალაქეზე, თუკი მას საქართველოს სასამართლო სისტემაში არ აქვს ბრალი დამტკიცებული.