სანამ ოთარ ფარცხალაძე შვილს სანქციების რისკის ქვეშ აყენებს, საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის დაზიანების რისკებს ზრდის და ვალუტის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გაფრთხილება, რომ სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდება ყველა, ვინც ფარცხალაძეს ან სხვა რომელიმე სანქცირებულ პირს ტრანზაქციის საშუალებას მისცემს, სებ-ის სადავო გადაწყვეტილებას მოჰყვა.
ამავე დროს, მიუხედავად კანონმდებლობის საკმაოდ მკაფიო განმარტებისა, [22 სექტემბრის 17:00 საათისთვის] კვლავ ბუნდოვანი რჩება რუსეთის მოქალაქე ფარცხალაძის მოქალაქეობის სტატუსი.
ეს სტატია მეტი სიცხადის შეტანის მცდელობაა იმაში, რა მატერიალურ და პოლიტიკურ მემკვიდრეობას ტოვებს „ქართველ-რუს“ ოლგარქად წოდებული ყოფილი მაღალჩინოსანი, სანამ საქართველოს მოქალაქეობას ოფიციალურად დატოვებს.
ეკლესია შვილს, 4000 ლარი საჯარო რეესტრს
25 წლის ანდრია ანზორ ფარცხალაძე ერთ დღეში იქცა უიშვიათეს ახალგაზრდად, რომელსაც საკუთარი ეკლესია აქვს. მამამისის აშენებული.
შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, რომელსაც არაერთი ბინა და ათობით ჰექტარი მიწა ჰქონდა დარეგისტრირებული, ახლა საქართველოში უძრავი ქონება აღარ აქვს. მან დაჩქარებული წესით ყველაფერი შვილის სახელზე გადააფორმა.
ამ ქონებას შორისაა ის მიწაც, რაზეც უფროსი ფარცხალაძის აშენებული ეკლესია დგას.
ტაბახმელაში მიწა ძვირად ფასობს. myhome.ge-ის განცხადებების თანახმად, 50-დან 200 დოლარამდე. ტაძრისა და ფარცხალაძის კუთვნილი მიმდებარე მიწის ფართობი 4089 კვადრატული მეტრია.
ტაბახმელას წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარს ჰყავს მოძღვარი და მრევლი, რომლებიც, მეზობლების თანახმად, შაბათობით თბილისიდან დადიან. სხვა დროს ეკლესია დაკეტილია.
ფარცხალაძის ტაძრისკენ გზა სხვების კერძო საკუთრებაზე გადის, - სხვანაირად ვერ მიხვალთ. უბრალოდ, ჯერ ამ ნაკვეთებზე არაფერია აშენებული და არც შემოღობილია.
ასევე ნახეთ ბინები, მიწები, ეკლესია - რა ქონებას ფლობენ ფარცხალაძის ცოლი, შვილი და რა დარჩა მას?
კერძო პირების მიერ ეკლესიების შენება ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმიაო, გვეუბნება ტატო ქელბაქიანი, ილიაუნის ლექტორი, რომელიც იკვლევდა კრიმინალური სუბკულტურის გავლენას პენიტენციურ სისტემაზე. ეკლესიებს, საპატრიარქოს სუბიექტების გარდა, აშენებენ ბიზნესმენები, - და ზოგჯერ კრიმინალური სამყაროს წევრებიც.
ფარცხალაძის ტაძრის მოძღვრის თანახმად, „აქამდე საბუთები გაიწელა“, თორემ ტაძარი „საპატრიარქოს გადაეცემა“.
ოთარ ფარცხალაძემ, შვილისთვის ქონების გადაცემის საბუთები საჯარო რეესტრში რომ სწრაფად გაეფორმებინა, მომსახურებაში 4000 ლარი გადაიხადა. ესეც მიუთითებს, რომ ქონების შვილისათვის გადაფორმება ოთარ ფარცხალაძეს სასწრაფოდ დასჭირდა:
- სანქცირების შემდეგ გაირკვა, რუსეთის მოქალაქეობა ისე ჰქონდა მიღებული, რომ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ მოუთხოვია;
- ეს ნიშნავს, რომ მას არ უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა;
- და თუ საქართველოს მოქალაქე აღარ იქნება, დასჭირდება დამატებითი დოკუმენტების მოძიება ქონების განსაკარგად.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, იუსტიციის სამინისტროს დასტურისა და თავისივე დაპირების მიუხედავად, ჯერაც არ ჩამოურთმევია მისთვის მოქალაქეობა.
ასევე ნახეთ ფარცხალაძე, რუსული სპეცსამსახურები და ამერიკული სანქციები - რა ვიცით?შეერთებულის შტატების მთავრობამ ფარცხალაძეს, - „ქართველ-რუს ოლიგარქს“, „ეფესბეს“ ოფიცრის პარტნიორსა და დამხმარეს - „საქართველოზე რუსეთის მანკიერი გავლენების“ პასუხად დაუწესა სანქციები. ის უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მორიგ ტალღაში მოყვა.
შეზღუდვები არ შეხებია მისი ოჯახის წევრებს - ცოლს, ეკა ჩხიკვიშვილს, და შვილს, ანდრია ანზორ ფარცხალაძეს.
- ეკა ჩხიკვიშვილი მეგობრებს ფეისბუკის „სთორებში“ დღემდე უზიარებს მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებს - მათ შორის იბიციდან.
- ანდრია არ ჩანს.
25 წლის კონსერვატორი „ლიბერალური ძალების“ წინააღმდეგ
ანდრია (ანზორ) ფარცხალაძე (მეორე სახელი ბაბუის პატივსაცემად ჰქვია) მამის მსგავსად, დიდად არსად ჩნდება.
უფროსი ფარცხალაძე მთავარ პროკურორად დანიშვნის შემდეგაც 1 თვის განმავლობაში არ გამოჩენილა მედიასთან, ლაპარაკით კი მხოლოდ 2019 წელს დაილაპარაკა. აი, ასე:
უმცროსმა ფარცხალაძემ 25 წლის ასაკში კი უკვე მოასწრო მთელი 4 წუთით საჯაროდ გამოჩენა. მამის ასე ხანგრძლივი საუბარი - ჯამშიც კი - ვიდეოკამერებს არ აღუბეჭდავთ.
2022 წელს ანდრიამ „კონსერვატორთა კავშირი“ დააფუძნა - 24 წლის ასაკში.
მუშაობს ორგანიზაციაში „სოლიდარობა მშვიდობისათვის“, რომლის მიზანიც საქართველოს მიერ სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებაა. მისი თავმჯდომარე მერაბ ჭიქაშვილია, - „პატრიოტთა ალიანსთან“ აფილირებული, პრორუსული ტელევიზია „ობიექტივის“ ყოფილი ჟურნალისტი.
ჭიქაშვილი ამბობდა, 25 წელია, ოთარ ფარცხალაძის მეგობარი ვარ და მე ვთხოვე ოთარს, ანდრიას ჩემთან დაეწყო მუშაობაო.
სწორედ ამ ორგანიზაციაში მუშაობისას ჩაწერა ანდრია ფარცხალაძემ ის 4-წუთიანი ვიდეო, სადაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განათლების სისტემაში რეფორმებს აკრიტიკებს და „ლიბერალურ ძალებს“ აბრალებს ამ რეფორმების ჩავარდნას; ამტკიცებს, განათლების დაბალი დონის შენარჩუნება ლიბერალური ძალების ინტერესშიაო.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს 2023 წლის მაისში სავიზო რეჟიმი მოუხსნა და პირდაპირი ფრენები აღადგინა, მერაბ ჭიქაშვილმა (რომელიც მოსკოვის პირველ რეისს ჩამოჰყვა თბილისში) ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისიც მონაწილეობდა რუსულ მხარესთან წარმატებულ მოლაპარაკებებში.
რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხებისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით, რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ფრენების აღსადგენად მოლაპარაკებებში უფროსი ფარცხალაძეც მონაწილეობდა „სხვა ქართველებთან ერთად“.
კალაშნიკოვსა და დუმის სხვა დეპუტატებთან ფრენებისა და უვიზო რეჟიმის აღდგენაზე მოლაპარაკებებში მონაწილეობდა ანდრია ფარცხალაძის „კონსერვატიული მოძრაობის“ თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე არჩილ ბუბუტეიშვილიც.
შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოხატა, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აღდგა.
ქვეყნის წილი მემკვიდრეობა
იმ დროს, როდესაც სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ საქართველოში შვილს გადაუფორმა უძრავი ქონება, ეროვნულმა ბანკმა მისთვის გამონაკლისი დაუშვა.
თავდაპირველად, საქართველოს საბანკო სექტორმა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო სანქციებს ემორჩილება, ფარცხალაძეზე დაკისრებული სანქციები გაითვალისწინა და ანგარიშებზე წვდომა ავტომატურად შეუზღუდა. ამას მას როგორც საკუთარი, საერთაშორისო ვალდებულებები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის თებერვლის ბრძანება ავალდებულებდა.
ასევე ნახეთ ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძისთვის „გამონაკლისი“ დაუშვა სანქციების აღსრულების წესშიმაგრამ, ფარცხალაძის სანქცირების ფონზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა. ნათია თურნავამ ბრძანება შეცვალა და „გამონაკლისი“ დაუშვა.
თურნავას ბრძანების თანახმად, კომერციულ ბანკებს სებ-ისგან მოეხსნათ სანქციების გავრცელების ვალდებულება საქართველოს მოქალაქეზე, თუკი მას საქართველოს სასამართლო სისტემაში არ აქვს ბრალი დამტკიცებული.
- საქართველოს სასამართლო სისტემას, საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, სრულად საზოგადოების მხოლოდ 5% ენდობა;
- არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ სისტემას მართავს „სასამართლოს კლანი“, რომლის ერთ-ერთ ლიდერად ლევან მურუსიძეს ასახელებენ;
- მურუსიძეს 4 მოსამართლესთან ერთად შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე თვის წინ დაუწესა სანქციები.
ეროვნული ბანკის მიდგომის შეცვლისას ნათია თურნავას არგუმენტაცია ასეთი იყო: ფარცხალაძეს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ქვეყნის კონსტიტუცია და უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავსო. იმავეს ამტკიცებდა წინა დღეს „ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. დამოუკიდებელი კონსტიტუციონალისტები ამ არგუმენტაციას მცდარს უწოდებენ.
ასევე ნახეთ ეროვნული ბანკი რიგითი ფარცხალაძისა და „სხვა ნებისმიერის“ გადასარჩენად - სუვერენიტეტის სახელით
ეროვნული ბანკი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების შესახებ დაშვებული გამონაკლისის გარდა, ჩვეულებრივ აგრძელებს სანქციების რეჟიმის შესრულებას.
რადიო თავისუფლებისთვის გამოგზავნილ კომენტარში, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-ის) მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა თურნავას ბრძანება „სანქციებთან მიდგომის ცვლილებად“ მოიხსენია და თქვა:
„შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლო განცხადების გამო, რომლითაც სანქციებთან თავის მიდგომას ცვლის“. უფრო სრულ შეფასებას IMF-ი ბანკებსა და სებ-თან მოლაპარაკებების შემდეგ გამოაქვეყნებს.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ, 2 დღეში ჯამურად, ეროვნული ვალუტა ლარი დოლართან მიმართებით 4.67 თეთრით გაუფასურდა. და ლარის გაუფასურების ტრენდის დაბრუნების რისკიც გაჩნდა.
სავარაუდოდ, სწორედ ამ პერსპექტივის დაზღვევას ემსახურებოდა სებ-ის გადაწყვეტილება - 20-22 სექტემბერს მან სავალუტო აუქციონზე გაიტანა და გაყიდა $57 მლნ, რამაც, ბაზრისთვის ლარის მიწოდების ხარჯზე, ხელი შეუშალა ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას.
ეს ინტერვენციები გადახრაა ეროვნული ბანკის ბოლო წლის რეკორდული დარეზერვების პოლიტიკიდან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის 8 თვეში რეკორდული რაოდენობის, მილიარდ დოლარზე მეტი შეისყიდა სავალუტო რეზერვებისთვის. ქვეყნის რეზერვებმა $5 მლრდ-ს გადააჭარბა.
ასევე ნახეთ ეროვნულმა ბანკმა 6 თვეში $1 მილიარდი იყიდა - „ცუდი არ არის, მაგრამ სარისკოა“როდესაც საქართველო უერთდება სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს, ამით ის ამბობს, რომ ენდობა შტატების მთავრობის ნაბიჯებს, - მიაჩნია, რომ ეს ნაბიჯები სათანადო პროცესს ეყრდნობა; ეყრდნობა მტკიცებულებებსა და სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის ანალიტიკურ მონაცემებს.
ეროვნული ბანკი ბრძანების ცვლილებით ამბობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში ენდობა, ხოლო საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში არ ენდობა შტატების მთავრობას.
სახელმწიფო დეპარტამენტმა „სამწუხარო“ უწოდა თურნავას ბრძანებას და გააფრთხილა, „დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან რუსეთთან დაკავშირებით ჩვენ მიერ სანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენო“.
ჯერ უცნობია, მოასწრო თუ არა ოთარ ფარცხალაძემ საქართველოში თავისი საბანკო ანგარიშების განკარგვა ეროვნული ბანკის ბრძანებამდე ან შემდეგ და ემუქრება თუ არა ამ ნიადაგზე სანქცირების რისკი ვინმეს.
მაგრამ, დადგნენ თუ არა რისკის ქვეშ ოჯახის წევრები, მას შემდეგ, რაც ფარცხალაძემ მათ სახელზე უძრავი ქონება გადააფორმა? წინასწარ ამის თქმა რთულია. ამერიკის შეერთებული შტატების მთვარობა წინსწრებით არასდროს აცხადებს, ვის სანქცირებას აპირებს. ვარაუდის საფუძველს კი აშშ-ის სანქცირებული ოდიოზური რუსი ოლიგარქების შემთხვევები გვაძლევს.
დერიპასკას მაგალითი
ოლეგ დერიპასკას, კომპანია „ბეიზიკ ელემენტის“ (Basic Element) მფლობელს, რომელსაც სხვა არაერთი ქონება ჰქონდა, შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ 2018 წელს დაუწესა სანქციები.
დერიპასკა, როგორც მედიაში უწოდებენ, 1990-იან წლებში რუსეთის „ალუმინის ომის“ გამარჯვებული, ერთ დროს უმდიდრესი კაცი იყო რუსეთში. ფლობდა „რუსალს“, მსოფლიოში ალუმინით მოვაჭრე სიდიდით მეორე კომპანიას.
შტატების სახაზინო დეპარტამენტმა მას რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან 4 წელიწადში დაუწესა სანქციები „განსაკუთრებულად მიჩნეული პირის“ სტატუსით. უწყების ცნობით, დერიპასკა ბრალდებული იყო „კონკურენტი ბიზნესმენების სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, მაღალჩინოსნის უკანონო მიყურადებასა და ფულის გამოძალვასა და რეკეტში“.
თავდაპირველად მის გარემოცვას სანქციები არ შეხებია.
4 წლის შემდეგ, სანქციებისგან თავის არიდების მცდელობის ფონზე, მისი პარტნიორის, ეკატერინა ვორონინას წინააღმდეგ ამერიკაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წელს დერიპასკამ, რუსეთის მოქალაქე ნატალია ბარდაკოვასა და ამერიკის მოქალაქე, რუსეთში დაბადებული ოლგა შრიკის დახმარებით, დაგეგმა, ვორონინას შვილი შეერთებულ შტატებში გაეჩინა. ეს სქემა პირველად გამოუვიდათ კიდეც. 33 წლის ეკატერინა ვორონინა შტატებში კერძო თვითმფრინავით გაამგზავრეს, 10-დღიანი ტურისტული ვიზით. მათი პირველი შვილი შტატებში დაიბადა და ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. ამ სქემაში, დერიპასკამ, სულ მცირე, 300 000 აშშ დოლარი დახარჯა. ვორონინა 6 თვით დარჩა შტატებში.
წყვილმა იგივე დააპირა 2022 წელსაც, თუმცა ვორონინა საზღვარზე აღარ შეუშვეს.
მოგვიანებით, 2022 წელსვე, ვორონინას ბრალი წარუდგინეს „ფედერალური აგენტებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის”, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, დერიპასკამ, ბარდაკოვამ, შრიკმა და ვორონინამ დაგეგმეს, რომ ბავშვის ნამდვილი ვინაობა დაემალათ და მისი გვარი არაზუსტად მიუთითეს.
ბრალდებამ კიდევ ერთ ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება: დერიპასკა, სხვადასხვა კომპანიის გავლით, ფარულად ფლობდა $3 მლნ-იან მუსიკალურ სტუდიას კალიფორნიაში. შრიკის დახმარებით, დერიპასკა სტუდიის სხვა, თავისივე კომპანიისთვის გადაფორმებას ცდილობდა.
2022 წლის 29 სექტემბერს დერიპასკას, ბარდაკოვასა და შრიკს სანქციებისგან თავის არიდებისათვის წაუყენეს ბრალი.
დერიპასკასგან განსხვავებით, ფარცხალაძეს შტატების იუსტიციის დეპარტამენტისგან არ აქვს ბრალი წაყენებული.
თავად ფარცხალაძე, სანქციების დაწესების შემდეგ კამერებთან არ გამოჩენილა. მან მხოლოდ ერთი განცხადება გაუგზავნა „რუსთავი 2“-ს - სანქციებს უწოდა „ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინება“ და თქვა, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება „მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით არის მიღებული“.
ასევე ნახეთ სუსი ადასტურებს, რომ ოთარ ფარცხალაძე გამოჰკითხეს