უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს ვაშინგტონში ამერიკელ პოლიტიკოსებთან მართავს შეხვედრების სერიას, რომელიც უკრაინისთვის იარაღის ახალი მიწოდების უზრუნველყოფას და შეერთებული შტატების მხრიდან კიევისადმი მხარდაჭერის გაგრძელებას ისახავს მიზნად.
ზელენსკი ეწვია აშშ-ს კონგრესს, სადაც შეხვდა როგორც იმ კანონმდებლებს, რომლებიც მხარს უჭერენ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას, ასევე უფრო სკეპტიკურად განწყობილ რესპუბლიკელებს.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს მიაღწიოს უკრაინის დასახმარებლად კონგრესისგან დამატებით 24 მილიარდი დოლარის გამოყოფას. რიგი რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში და სენატში ეჭვქვეშ აყენებენ ამის საჭიროებას. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა კევინ მაკკარტიმ თქვა, რომ ვერ დაჰპირდა ზელენსკის, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა. "არის თუ არა ანგარიში უკვე გამოყოფილი თანხების შესახებ? არსებობს თუ არა გამარჯვების გეგმა? ვფიქრობ, რომ ამერიკელებს სურთ ამის ცოდნა," - განაცხადა მაკკარტიმ, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ მოლაპარაკებებს, შეხვედრის შემდეგ, "კარგი" და "პროდუქტიული" უწოდა."
როგორც სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა აღნიშნა, ვოლოდიმირ ზელენსკის მისთვის უთქვამს, რომ თუ უკრაინა დახმარებას არ მიიღებს, შეიძლება ომი წააგოს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა მაიკლ მაკკოლმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრაზე, პირიქით, გამოხატა რწმენა გამარჯვებაში, რომლის ნაწილი უნდა გახდეს შეერთებული შტატების მიერ ახალი დახმარების გამოყოფა.
მაკკოლის თქმით, უკრაინის ლიდერმა უპირველეს ყოვლისა მოითხოვა F-16 კლასის გამანადგურებლებისა და შორეულ რადიუსზე მოქმედების ATACMS-ის რაკეტების მიწოდება.
კაპიტოლიუმის მონახულების შემდეგ ზელენსკი წავიდა პენტაგონში, სადაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან გამართავს მოლაპარაკებებს.
ზელენსკი ასევე შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს. რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ თანახმად, ბაიდენი გეგმავს ხუთშაბათს გამოაცხადოს უკრაინისთვის 325 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება. ამასთან, როგორც CNN-ის, ისე გამოცემა Politico-ს წყაროთა ცნობით, დახმარების ახალ პაკეტში კვლავ არ იქნება შორ, დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე მოქმედი სარაკეტო კომპლექსები (ATACMS), რომლებსაც უკრაინა დიდი ხანია, ითხოვს.