სანქცირებულ ავიაკომპანია „Россия-ს" თბილისში ფრენა სურს

ფოტო არქივიდან: "შერემეტიევოს" აეროპორტი

მოსკოვის "შერემეტიევოს" აეროპორტის ვებსაიტზე გამოჩნდა ინფორმაცია თბილისის მიმართულებით 14 ოქტომბრიდან ავიაკომპანია „Россия-ს" რეისების შესახებ. გამოქვეყნებულ ცნობაში ჩანს ყოველდღიური რეისები - დღე-ღამეში ორჯერ, 00:45 და 09:35 საათებზე.

ამასთან, "Россия-მ", შესაძლოა, ბათუმის მიმართულებითაც იფრინოს კვირაში სამჯერ - ოთხშაბათს, შაბათსა და კვირას, დილის 10:30 საათზე. "შერემეტიევოს" აეროპორტის მონაცემებით, პირველი რეისის შესრულება 14 ოქტომბრიდანაა შესაძლებელი.

„ნებართვის მიღების შემთხვევაში, ავიაკომპანია „Россия“ მზად იქნება ფრენები დაიწყოს ამ (მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის - რედ.) და სხვა მიმართულებებით“, - განუცხადეს РБК-ს ავიაკომპანიის პრესსამსახურში. ავიაკომპანიის წარმომადგენელმა დამატებით კომენტარზე უარი თქვა.

ავიაკომპანია „Россия“ ევროკავშირის სანქციების შავ სიაშია. საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ ქვეყანაში ფრენის ნებართვას არ მისცემს კომპანიებს, რომლებიც დასავლეთის ქვეყნების სანქციების ქვეშ არიან.

საქართველოში ავიაკომპანია „Россия-ს" ფრენის ნებართვა მიღებული არ აქვს.

განახლება

ამ თემაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ. ის აღნიშნავს, რომ ავიაკომპანია „Россия-ს" ორჯერ უთხრა უარი საქართველოში ოპერირებაზე.

ასევე ნახეთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, ავიაკომპანია  „Россия-ს" ორჯერ ეთქვა უარი საქართველოში ოპერირებაზე

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ რეისებს ახორციელებენ ავიაკომპანიები „აზიმუტი“ (მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი), Georgian Airways-ი (თბილისი-მოსკოვი-თბილისი) და Red Wings-ი (მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი, სოჭი-თბილისი-სოჭი).

ივლისის დასაწყისში რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ("როსავიაცია") რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა დაამტკიცა. ნებართვების უმეტესობა ავიაკომპანია Red Wings-ზე იყო გაცემული. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ავიაკომპანიებს ფრენის უფლებით სარგებლობა მხოლოდ რიგი დამატებითი პირობების შესრულების შემდეგ შეეძლებათ.

ვაშინგტონი, ევროკავშირის ქვეყნები და კიევი საქართველოს აკრიტიკებენ რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო.