ევროკავშირის სანქციების შავ სიაში შეყვანილ ავიაკომპანია „Россия-ს" შესახებ განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ. სააგენტო აცხადებს, რომ ამ ავიაკომპანიას ორჯერ უთხრა უარი საქართველოში ოპერირებაზე.
„მიმდინარე წლის 16 მაისს, სააგენტომ არ დააკმაყოფილა ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-ის განაცხადი მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის მიმართულებით რეგულარული რეისის განხორციელების თაობაზე. ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-მა 14 სექტემბერს კვლავ მომართა სააგენტოს, ამჯერად მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის, მოსკოვი - ბათუმი - მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგი - თბილისი - სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით რეგულარული ფრენების შესრულების მოთხოვნით, რაზეც რუსულ ავიაკომპანიას იმავე დღესვე განეცხადა უარი უწყების მიერ.
სააგენტოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ ROSSIYA AIRLINES-ი იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. შესაბამისად, საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღნიშნული ავიაკომპანიით არ განხორციელდება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განმარტავს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება და მომავალშიც შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ არიან ევროკავშირის შავ სიაში. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფრენები არ განხორციელდება ასევე იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას.
მოსკოვის „შერემეტიევოს" აეროპორტის ვებსაიტზე გამოჩნდა ინფორმაცია თბილისის მიმართულებით 14 ოქტომბრიდან ავიაკომპანია „Россия-ს" რეისების შესახებ. თუმცა საქართველოში ავიაკომპანია „Россия-ს“ ფრენის ნებართვა მიღებული არ აქვს.
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ რეისებს ახორციელებენ ავიაკომპანიები „აზიმუტი“ (მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი), Georgian Airways-ი (თბილისი-მოსკოვი-თბილისი) და Red Wings-ი (მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი, სოჭი-თბილისი-სოჭი).
ივლისის დასაწყისში რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ("როსავიაცია") რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა დაამტკიცა. ნებართვების უმეტესობა ავიაკომპანია Red Wings-ზე იყო გაცემული. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ავიაკომპანიებს ფრენის უფლებით სარგებლობა მხოლოდ რიგი დამატებითი პირობების შესრულების შემდეგ შეეძლებათ.
ვაშინგტონი, ევროკავშირის ქვეყნები და კიევი საქართველოს აკრიტიკებენ რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო.