პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, 84 ხმით, ეროვნული ბანკის საბჭოში არსებულ ვაკანტურ ადგილზე ნანა ყეინიშვილი აირჩია, კიდევ ერთ ვაკანტურ ადგილზე 82 ხმით კი - თეიმურაზ ხომერიკი.
მანამდე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა კანდიდატურების არჩევის საკითხზე პარლამენტს დღევანდელ სხდომაზე უარყოფითი დასკვნა წარუდგინეს.
კენჭისყრამდე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, გაეწვია ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტურ ადგილებზე თავის მიერ წარდგენილი ორი კანდიდატურა. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ უთხრა ჟურნალისტებს, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებამდე ამბობს უარს კანდიდატების წარდგენაზე.
პარლამენტში პრეზიდენტს უპასუხეს, რომ მას კანდიდატურების გაწვევის უფლებამოსილება არ აქვს.
ასევე ნახეთ პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო"არ არის კანონში, არც რეგლამენტში, არსად პრეზიდენტის წარმოდგენილი კანდიდატურების გაწვევა. ასეთი მექანიზმი არ არსებობს. ამიტომ ჩვენ განვიხილეთ და უბრალოდ, წარმოუდგენელი იქნებოდა, მხარი დაგვეჭირა ხალხისთვის, რომლებმაც უბრალოდ არც დაგვაფასა და არც მოვიდნენ. არ დავუჭირეთ მხარი. თუმცა აქვე ვაფიქსირებ: ჩვენ კომიტეტმა არ დავუჭირეთ, სესიას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება საბოლოოდ", - თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ.
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს რამდენიმე დღის წინ შესთავაზა თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურები.
- ნანა ყეინიშვილი 2012-2016 წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან". ის საქმიანობდა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებზე. მან მმართველი პარტია 2016 წლის აგვისტოში დატოვა;
- თეიმურაზ ხომერიკი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისში საქმიანობს.
გუშინ, 20 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტი გადადგა. ეროვნული ბანკი დატოვა სების პრეზიდენტის მრჩეველმაც.
ასევე ნახეთ ეროვნული ბანკის საბჭო სამივე ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა - ითვლება საბჭო ქმედითად?
რამდენიმე თვის განმავლობაში ეროვნული ბანკის 9-წევრიანი საბჭო მხოლოდ 7 წევრით იყო დაკომპლექტებული. ორი ადგილი ვაკანტური იყო. ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. გუშინდელი, 20 სექტემბრის, მდგომარეობით, საბჭოში მხოლოდ 4 წვერი რჩებოდა: ნათია თურნავა, ეკა გალდავა, ეკა მიქაბაძე და რიჩარდ სინგლეტარი.
ეროვნული საბჭოს სამი ვიცე-პრეზიდენტისა და სების პრეზიდენტის მრჩევლის გადადგომის ფონი იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსანს, ივანიშვილების ოჯახთან დაახლოებულ „ქართველ-რუს ოლიგარქს“, ბიზნესმენ ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა. საქართველოს საბანკო სექტორმა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო სანქციებს ემორჩილება, ფარცხალაძეზე დაკისრებული სანქციები გაითვალისწინა და მას ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდა. თავდაპირველად, 17 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებმა) თქვა, რომ ეს ასეც უნდა ხდებოდეს და ზოგადი მითითება ყველა სანქცირებულ პირზე ვრცელდება. ამაზე მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სების გადაწყვეტილება „არაკონსტიტუციურია“. მეორე დღეს, 18 სექტემბერს, სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ნათია თურნავამ ზუსტად ამ არგუმენტით გამოსცა ბრძანება და „გამონაკლისი“ დაუშვა. ბრძანების თანახმად, კომერციულ ბანკებს სებისგან მოეხსნათ სანქციების გავრცელების ვალდებულება საქართველოს მოქალაქეზე, თუკი მას საქართველოს სასამართლო სისტემაში არ აქვს ბრალი დამტკიცებული.