ანექსირებულ ყირიმზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო. რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობებით, ღამის განმავლობაში აფეთქებები მოხდა ევპატორიის, სიმფეროპოლის და სევასტოპოლის რაიონებში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ყირიმის ტერიტორიის და შავი ზღვის აკვატორიის თავზე გაანადგურეს თვითმფრინავის ტიპის 19 უპილოტო საფრენი აპარატი. რომელ რაიონებში და არის თუ არა ნგრევა ან მსხვერპლი, დაკონკრეტებული არ არის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ისევ იყენებს სტანდარტულ ფორმულირებას, რომ „აღკვეთილია კიევის რეჟიმის მცდელობა უპილოტო საფრენი აპარატებით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ყირიმზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ასევე ნახეთ ბუდანოვი ვარაუდობს, რომ დაზამთრებამდე შეძლებენ რუსეთ-ყირიმის სახმელეთო დერეფნის მოშლასრუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 21 სექტემბერს, გამოქვეყნებული ცნობით, გასულ ღამით დრონებით შეტევა იყო რუსეთის ტერიტორიაზეც. ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია, 1 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს კურსკის ოლქში, 1 - ბელგოროდის და 1 - ორიოლის ოლქში.