უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ზამთრის დადგომამდე დაასრულებენ რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმს შორის სახმელეთო კავშირის შეწყვეტის ოპერაციას. ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდა" წერს გამოცემა The Economist-თან ბუდანოვის ინტერვიუზე დაყრდნობით.
ბოლო თვეებში უკრაინის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ მიიტანეს იერიში ყირიმის ხიდზე, რომელიც ანექსირებულ ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს.
კირილო ბუდანოვმა ილაპარაკა რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევაზეც. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა მიზნად დაასახელა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოფიტვა, რუსული სამხედრო ტრანსპორტის და ბომბდამშენების მწყობრიდან გამოყვანა და სამხედრო-სამრეწველო ობიექტების დაზიანება, როგორც, მაგალითად, ეს გასულ კვირაში მოხდა ტვერის ოლქში მდებარე, სარაკეტო საწვავის მწარმოებელ ქარხანაზე დარტყმით.
კირილო ბუდანოვის განცხადებით, რუსები კომფორტის ზონიდან უნდა გამოიყვანონ. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის თანახმად, დრონებით შეტევას აქვს ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზანიც - რუსეთის მოსახლეობის შეშფოთება და ქვეყნის შიგნით ნორმალური ეკონომიკური პროცესების დარღვევა. ბუდანოვმა ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა ის ფაქტი, რომ მოსკოვის და პეტერბურგის აეროპორტების დროებით დახურვა თითქმის ყოველდღიურ მოვლენად იქცა.
ბოლო თვეებში სულ უფრო ინტენსიური გახდა რუსეთის რეგიონებზე, მათ შორის მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა.