ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი სამწუხაროს უწოდებს საქართველოს ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ბანკმა „დაუშვა გამონაკლისი“, რომელიც აღარ ავალდებულებს საქართველოს კომერციულ ბანკებს სანქციები გაავრცელონ საქართველოს მოქალაქეებზე.
„ამერიკის ხმისთვის" მიცემულ წერილობით კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს:
„ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან რუსეთთან დაკავშირებით ჩვენ მიერ სანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ".
ამერიკის დიპლომატიური უწყება ასევე დასძენს, რომ "საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევა არის საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია“.
სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რის გამო მოხვდა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან დაკავშირებული სანქციების სამიზნე.
„14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა „ეფესბესთან" [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური], რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. [სანქციები დაუწესდა] აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის საფუძველზე, რომელიც სანქცირების ავტორიზაციას გასცემს რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცემოდა.
საქართველოს ორი უმსხვილესი კომერციული ბანკი - "საქართველოს ბანკი" და "თიბისი ბანკი" - აცხადებენ, რომ იცავდნენ და დაიცავენ აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო სანქციებით დაწესებულ რეგულაციებს.
ბრძანება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით 19 სექტემბერს გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. რეგულატორმა ბრძანებაში გაიმეორა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარში ნათქვამი არგუმენტები:
- "საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია";
- "საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი".
20 სექტემბერს ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. გადადგა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე.
ასევე ნახეთ ეროვნული ბანკის საბჭო სამივე ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა - ითვლება საბჭო ქმედითად?ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.
დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში ასევე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.
ასევე ნახეთ ფარცხალაძე, რუსული სპეცსამსახურები და ამერიკული სანქციები - რა ვიცით?აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" უნდა შეზღუდოდა.
ასევე ნახეთ ოთარ ფარცხალაძემ შვილს დაჩქარებული წესით აჩუქა ქონება