ერევნის ცენტრში სომხეთის მთავრობის სახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომლის მონაწილეთა რაოდენობაც იზრდება და დაძაბულობაც, ქვეყნის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს და მის პოლიტიკას ადანაშაულებენ მთიან ყარაბაღში გამწვავებული მდგომარეობის გამო.
თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „ზოგიერთი შიდა და გარე ძალა“ ამაოდ ცდილობს სომხეთის ომში ჩათრევას.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებ: სომხეთის შეიარაღებული ძალები არ არიან მთიან ყარაბაღში. მათ ეს არ გამოუვათ. რაც არ უნდა რთული იყოს, განსაკუთრებით ემოციურად, ჩვენ არ უნდა მივცეთ ზოგიერთ ძალას, გარეს თუ შიდას, საშუალება, საფრთხე შეუქმნას სომხეთის სახელმწიფოებრიობას“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ევროკავშირმა 19 სექტემბერს დაგმო სამხედრო ესკალაცია ყარაბაღში და აზერბაიჯანს მოუწოდა, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები, ნათქვამია ევროპის კავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის განცხადებაში.
ბორელი დასძენს, რომ ევროკავშირი კვლავ სრულად არის ჩართული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგის ხელშეწყობაში. მაგრამ არც დიალოგსა და არც წამოწყებული ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერებაზე ბაქო, როგორც ჩანს, არ ფიქრობს.
"ანტიტერორისტული ღონისძიებების შეჩერებისთვის სომხეთის უკანონო ფორმირებებმა უნდა ჩააბარონ თავიანთი იარაღი, ხოლო უკანონო რეჟიმი უნდა დაიშალოს", - ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, 19 სექტემბრის საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.
„ლოკალური“ ოპერაცია „ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების" წინააღმდეგ
19 სექტემბერს, ყარაბაღში "ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებების" დაწყების გამოცხადების შემდეგ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ მალევე განმარტა, თუ რა მიზანს ისახავდა ეს ღონისძიებები, რომელსაც სხვა არაოფიციალური აზერბაიჯანული წყაროები „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისკენ მიმართულ“ ქმედებებადაც მოიხსენიებენ.
„ღონისძიების ფარგლებში ფრონტის ხაზზე და სიღრმეში ზეზუსტი იარაღის გამოყენებით მწყობრიდან გამოდის სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების პოზიციები, მათი საცეცხლე წერტილები, ასევე საბრძოლო მასალები და საბრძოლო დანიშნულების ობიექტები“, - ნათქვამია აზერბაიჯანის სამხედრო უწყების განცხადებაში.
ბაქო ამტკიცებს, რომ "სამიზნეს არ წარმოადგენს სამოქალაქო მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები, მწყობრიდან მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები გამოდის".
მანამდე ბაქომ გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომლის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაღუპვის შესახებ. აზერბაიჯანის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ნაღმი დადებული იყო "ტერორისტული მიზნებით სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების მიერ აზერბაიჯანის ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში".
განსხვავებულად აღწერდნენ ვითარებას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში. კერძოდ, სეპარატისტული საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინტენსიური დაბომბვების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე 5 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი, 11 კი დაშავდა, მათ შორის 8 ბავშვი.
„აზერბაიჯანმა დაიწყო სახმელეთო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდის მიზნით, სომხეთს არავისთვის მიუცია მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის განხორციელების მანდატი“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც ესკალაციის დაწყებისთანავე მოიწვია ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისა და მოსკოვის ჩარევით იმედოვნებს სიტუაციის განმუხტვას.
„პირველ ყოვლისა, რუსეთმა უნდა გადადგას ნაბიჯები და, მეორე მხრივ, ჩვენ ველოდებით, რომ გაეროს უშიშროების საბჭოც გადადგამს ნაბიჯებს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მიმდინარე დაპირისპირებაში მოსკოვს უფრო ბაქოს მომხრედ მიიჩნევენ დამოუკიდებელი ანალიტიკოსები, რომლებიც რუსეთში ვერც სურვილს ხედავენ და ვერც იმის შესაძლებლობას, რომ შეაჩეროს სახიფათო ესკალაცია.
„რუსეთის მონაწილეობის გარეშე, აზერბაიჯანის მხრიდან მსგავს მოქმედებას ვერ ექნებოდა ადგილი. ამიტომ ეს არის აზერბაიჯან-რუსეთის ერთობლივი ოპერაცია მიმართულ ყარაბაღელი სომხების წინააღმდეგ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რუბენ მეჰრაბიანმა, სომხეთის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის ექსპერტმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი შეშფოთებულია კონფლიქტის ესკალაციით, მაგრამ რეგიონში მყოფი მისი მშვიდობის დამცველები გააგრძელებენ თავიანთ მისიას.
ზახაროვას არ დაუზუსტებია, თუ რას ნიშნავს „მისიის გაგრძელება“ მიმდინარე ესკალაციასთან მიმართებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე გააფრთხილა.
"რუსეთი მარცხდება მთელ მსოფლიოში, მარცხდება სამხრეთ კავკასიაში"?
აზერბაიჯანის მხრიდან რუსეთის ასეთ იგნორირებას სრულიად ლოგიკურს უწოდებს დამოუკიდებელი ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი, რომლის თქმით, რუსეთი სუსტდება მთელ მსოფლიოში და სუსტდება მათ შორის სამხრეთ კავკასიაში, რაც მთიან ყარაბაღში დაბანაკებულ რუსეთის ე.წ. 2000-კაციანი სამხედრო დანაყოფის მოტივაციაზეც აისახება.
„როდესაც რუსეთის მთელი არმია მარცხზე მარცხს განიცდის და სუსტდება უკრაინაში. შესაბამისად, მათ არ აქვთ ძალა და უნარი, შეინარჩუნონ ყარაბაღის სახით კონფლიქტური ზონა სამხრეთ კავკასიაში. ამასთან, მეორე მხრივ, რუსეთი ცდილობს, რომ პრობლემები შეუქმნას [პრემიერ-მინისტრ ნიკოლ] ფაშინიანს, რათა ის ყარაბაღის ფონზე ჩამოაცილოს სომხეთის ხელისუფლებას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბატიაშვილი.
"პრობლემების" შექმნის მიზეზად კი შეიძლება იქცეს მთიან ყარაბაღში სომხეთის სეპარატისტული ძალების შესაძლო წარუმატებლობა. ანუ თუ აზერბაიჯანი ბოლომდე მიიყვანს "კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისკენ" მიმართულ "ანტიტერორისტულ ღონისძიებას" და თავის კონტროლს დაუქვემდებარებს 2020 წლის 44- დღიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ჯერ კიდევ მთიანი ყარაბაღის კონტროლის ქვეშ დარჩენილ ტერიტორიას.
„ერთი რამ ცხადად ჩანს, რომ ახლა არც მოსკოვს და არც ერევანს არ გააჩნიათ არც ძალა და არც საშუალება, რომ რაიმე ქმედებით გავლენა მოახდინოს იქ [ყარაბაღში] მიმდინარე მოვლენებზე“, - ამბობს ექსპერტი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ზემოხსენებულ განცხადებაშიც ნათქვამია, რომ თუ ყარაბაღში არსებული უკანონო ფორმირებები არ შეწყვეტენ წინააღმდეგობას, ბაქო ბოლომდე მიიყვანს წამოწყებულ "ანტიტერორისტულ ღონისძიებებს".
2020 წლის შემოდგომაზე 44-დღიანი ომის შედეგად, აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით ხელი მოაწერეს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც ნიკოლ ფაშიანიანმა მაშინ „წარმოუდგენლად მტკივნეული“ შეთანხმება უწოდა.
ამ შეთანხმებით ბაქომ დაიბრუნა კონტროლი მთიანი ყარაბაღისა და მისი მიმდებარე აზერბაიჯანული ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე, რომლებიც 1990-იანი წლების დასაწყისში სომხური ჯარების მიერ იყო ოკუპირებული.
შეთანხმების ხელმოწერას უკიდურესი აღშფოთება მოჰყვა ერევანში, სადაც გაავებული ბრბო შეიჭრა სომხეთის პარლამენტის შენობაში და სასტიკად სცემა პარლამენტის სპიკერს არარატ მიროზოიანს, რომელიც მიღებული ტრავმების გამო საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი.
ასევე ნახეთ
სომხეთში აზერბაიჯანთან შეთანხმებით განრისხებულმა ჯგუფებმა პარლამენტის შენობას შეუტიესერევანში პარლამენტთან შეკრებილი ადამიანები ამბობდნენ, რომ ომის შეწყვეტის გადაწყვეტილებით სომხეთის ხელისუფლებამ მათ „უღალატა“.
ვრცელდებოდა ცნობაც, უსაფრთხოების მიზნით ფაშიანიანის მიერ სომხეთის ტერიტორიის დატოვების შესახებ. 10 ნოემბერს, დილის ათი საათისთვის, ფაშინიანმა ფეისბუკზე დაწერა: „რა თქმა უნდა, სომხეთში ვარ და ვაგრძელებ ჩემი მოვალეობის შესრულებას, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“.
მიუხედავად ოპოზციის ულტიმატუმისა და უწყვეტი საპროტესტო აქციებისა, ნიკოლ ფაშინიანი მხოლოდ 2021 წლის აპრილში გადადგა თანამდებობიდან, რათა მონაწილეობა მიეღო ვადამდელ არჩევნებში.
20 ივნისის არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა „სამოქალაქო შეთანხმებამ“ 54 პროცენტამდე ამომრჩეველი მიიმხრო და აჯობა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის, ოპოზიციურ ალიანს „სომხეთს“, რომელსაც 21 პროცენტი ხვდა წილად.
ასევე ნახეთ
ფაშინიანის მოულოდნელი გამარჯვება და საზოგადოებრივი აზრის საეჭვო გამოკითხვები17 სექტემბერს გამართულმა ერევნის არჩევნებმა აჩვენა - ნიკოლ ფაშინიანის და მისი "სამოქალაქო შეთანხმების" პოპულარობა შესუსტებულია, თუმცა კვლავაც აღემატება ოპოზიციური პარტიებისას.
18 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, "სამოქალაქო შეთანხმებამ" სხვა პარტიებზე უკეთესი შედეგი აჩვენა. მმართველ ძალას ერგო ხმების 33 პროცენტამდე, მაგრამ პარტიამ ვერ მოიპოვა აბსოლუტური უმრავლესობა უხუცესთა საბჭოში, რომელიც მერის დანიშვნის უფლებამოსილებითაა აღჭურვილი.
- მთიანი ყარაბაღის ტერიტორია, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. რეგიონის მოსახლეობა ძირითადად ეთნიკურად სომხები არიან. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქო არ აკონტროლებდა რეგიონის დიდ ნაწილს. სომხური თემის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არცერთმა ქვეყანამ, მათ შორის სომხეთმაც არ აღიარა.
- 2020 წლის გვიან შემოდგომაზე მომხდარი 44- დღიანი ომის შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით მოაწერეს ხელი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას. ხელშეკრულების შედეგად, მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის 1/3 და კიდევ, ეთნიკური სომხებით დასახლებული 7 მიმდებარე რაიონი აზერბაიჯანის ხელში გადავიდა. ხოლო რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.
- სულ ახლახან, სექტემბრის დასაწყისში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, კერძოდ, რუსეთზე, დამოკიდებულებას.
- ფაშიანიანის ამ განცხადებამ აშკარად გააღიზიანა კრემლი, რომელმაც სომხეთის ხელმძღვანელობას შეახსენა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის კუთვნილებად სწორედ ერევანმა აღიარა.
„სომხეთის ხელისუფლებამაც ამის შესახებ საქვეყნოდ განაცხადა, აზერბაიჯანის სსრ-ს ფარგლებში აღიარა რა 1991 წლამდე არსებული მთელი ტერიტორია და დაასახელა რიცხვი, რომელშიც თავად ყარაბაღის ტერიტორია შედის. ეს მოხდა. ეს არ ყოფილა ჩვენი გადაწყვეტილება - ეს სომხეთის დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 12 სექტემბერს, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს.