ზელენსკი: პუტინს მოსვენების საშუალება არ უნდა მივცეთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღიარებს, რომ თავდაცვის ძალების კონტრშეტევა ნელი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა აცხადებს, რომ ინიციატივა უკრაინელების ხელშია.

ზელენსკიმ ამერიკულ ტელეკომპანია CBS-ს განუცხადა, რომ სიტუაცია რთულია, თუმცა დადებითი ის არის, რომ ინიციატივას უკრაინა ფლობს, რუსეთის შეტევა შეაჩერეს და კონტრშეტევაზე გადავიდნენ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონტრშეტევა სწრაფი არ არის, მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღე წინ მიიწევენ.

შეკითხვას, რამდენად შეუშლის ხელს უკრაინის არმიას ამინდის გაუარესება, ზელენსკიმ უპასუხა, რომ შეძლებისდაგვარად უნდა გაგრძელდეს ტერიტორიის თუნდაც მცირე მონაკვეთების დეოკუპაცია და პუტინს მოსვენების საშუალება არ უნდა მისცენ.

უკრაინის პრეზიდენტმა გამორიცხა, რომ მშვიდობის სანაცვლოდ რუსეთს საკუთარ ტერიტორიებს დაუთმობენ.

ასევე ნახეთ ბუდანოვი ვარაუდობს, რომ დაზამთრებამდე შეძლებენ რუსეთ-ყირიმის სახმელეთო დერეფნის მოშლას

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ 17 სექტემბერს BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სამხრეთში მიაღწიეს გარკვეულ სტაბილურ წარმატებას. გენერალ მილის შეფასებით, უკრაინელებს საბრძოლო მოქმედებებისთვის შესაფერისი ამინდი კიდევ 30-45 დღის განმავლობაში ექნებათ, შემდეგ კი აცივდება და ტერიტორია ატალახდება, რაც მანევრირებას გაართულებს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტრშეტევა 2023 წლის ივნისიდან დაიწყეს და ქვეყნის სამხრეთში ტერიტორიის ნაწილი დაიბრუნეს. გასულ კვირაში უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ კონტროლი აღადგინეს აღმოსავლეთში მდებარე დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან მდებარე ორ სოფელზეც - ანდრეევკასა და კლიშჩიივკაზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს, 18 სექტემბერს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში მოწინააღმდეგემ უშედეგოდ სცადა ანდრეევკის რაიონში თავდაცვის ხაზის გარღვევა. გენშტაბის ცნობითვე, უკრაინის თავდაცვის ძალები შტურმს განაგრძობენ კლიშჩიივკის რაიონში და მოპოვებულ პოზიციებს იმყარებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ორ დასახლებულ პუნქტთან არსებულ ვითარებაზე ჯერჯერობით არაფერს იუწყება.