ირანში დააკავეს და შემდეგ გაუშვეს ერთი წლის წინ დაღუპული მაჰსა ამინის მამა

მაჰსა ამინის მამა, ამჯად ამინი. 2 სექტემბერი, 2023 წელი

ირანის ხელისუფლებამ 16 სექტემბერს, მისი შვილის, მაჰსა ამინის სიკვდილის ერთი წლის თავზე, დააკავა ამჯად ამინი და შემდეგ მალევე გაუშვა.
მაჰსა ამინის სიკვდილს საპატიმროში ზუსტად ერთი წლის წინ, ისლამურ რესპუბლიკაში მოჰყვა საპროტესტო, ანტისამთავრობო გამოსვლების ძლიერი ტალღა, რომელიც არ წყდებოდა მთავრობის მხრიდან სასტიკი რეპრესიების მიუხედავად.
როგორც რადიო თავისუფლების ირანული სამსახურისთვის გახდა ცნობილი, ამჯად ამინი, დაღუპული მაჰსას მამა, თავის სახლთან დააკავეს მის მშობლიურ, ირანის ქურთისტანის ქალაქ საყეზში და დასაკითხად წაიყვანეს უშიშროების უწყებაში. მას განუცხადეს, რომ მას და მის ოჯახის წევრებს ეკრძალებათ სახლიდან გასვლა და გაუშვეს
იტყობინებიან, რომ მათ სახლს ალყა შემოარტყეს უშიშროების ძალებმა, რომლებმაც გადაკეტეს ქუჩა, რათა არ მომხდარიყო სხვაგვარად მოაზროვნეების საჯარო გამოსვლა.
ირანის ბევრ ქალაქში ირანელი ქურთი ქალის, 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის წლისთავზე გაძლიერებულია უშიშროების ზომები, რამდენიმე ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქციები. თეირანში, ასევე დიდ ქალაქებში, როგორებიცაა მაშჰადი და შირაზი, 15 სექტემბერს შედგა დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები არ დაემორჩილნენ აკრძალვებს და გაიძახოდნენ ლოზუნგებს: „სიკვდილი დიქტატორს! და „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“, რომელიც ბოლო წლის მოძრაობის საერთო ფორმულად გადაიქცა.
ამასობაში, ირანის ოფიციალური მედია იტყობინება ჯგუფების დაკავების შესახებ, რომელთაც ბრალად ედებათ შეთქმულება არეულობის მოწყობის მიზნით ან "მტრული მედიისთვის" ხელის შეწყობა ამინის სიკვდილის წლისთავზე, ირანის პრეზიდენტი წინა დღით შეხვდა იმ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებს, რომლებიც, გადმოცემის თანახმად, დაიღუპნენ არეულობის დაწყების შემდეგ.
საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დააკავა ადამიანების უცნობი რაოდენობა იმ ჯგუფებიდან, რომლებიც "გეგმავდნენ ქაოსის შექმნას" ან ხელს უწყობდნენ "მტრული მედიის" რეპორტაჟებს, იტყობინება AFP. იტყობინებიან, რომ ირანის სამ რაიონში - ჩრდილო-დასავლეთშჯ, სამხრეთსა და ამინის მშობლიურ პროვინცია ქურთისტანში დააკავეს ხალხი.
IRNA-მ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი 15 სექტემბერს, ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ მაშჰადში შეხვდა "უსაფრთხოების დამცველების ოჯახებს", მათ შორის, "ბასიჯის" გასამხედროებული რაზმების იმ ორი წევრის ოჯახებს, რომლებიც ნოემბერში საპროტესტო აქციის დაშლის მცდელობისას მოკლეს. ამ ორი პირის სიკვდილში ბრალი დაედო მაჯიდრეზა რაჰნავარდს. ის იმ შვიდ ადამიანს შორის იყო, რომლებიც ირანის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა საპროტესტო აქციებში მათი სავარაუდო მონაწილეობის გამო.
ერთი წლის წინ თეირანში სტუმრად ჩასული მაჰსა ამინი „მორალის პოლიციამ“ დააკავა თავსაფრის არასწორი ტარების გამო და ის საპატიმროში გარდაიცვალა. ზოგიერთი თვითმხილველი ამბობს, რომ მას პოლიციელებმა სცემეს და ეს შეიძლებოდა ყოფილიყო სიკვდილის მიზეზი, ხელისუფლება უარყოფს ამ მტკიცებას.
ამინის სიკვდილს და მისი მიზეზის დამალვას მთელ ირანში მოჰყვა იმ მასშტაბის საპროტესტო გამოსვლები, როგორიც ირანს არ უნახავს ბოლო ათწლეულის მანძილზე.
უფლებადამცველი ჯგუფების თანახმად, დემონსტრაციების დროს მოკლეს 500-ზე მეტი პირი, დააკავეს ათასობით ადამიანი, ბევრს მიუსაჯეს ხანგრძლივი პატიმრობა, ბევრი დასახიჩრდა.