სიმართლე „აქ და ახლა“ 

ქართველი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი 93 წლის გახდებოდა.

მერაბ მამარდაშვილს ერთ რომელიმე ფილოსოფიურ სკოლას ვერ მიაკუთვნებ. ამიტომაცაა რომ კოლეგები ზოგჯერ უსისტემობას უწუნებდნენ - მეტისმეტად უყვარს იმპროვიზაცია და „ხმამაღლა“ ფილოსოფოსობსო. 80-იანი წლების ბოლოს, როცა უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში ლექციების ციკლი დაიწყო, აუდიტორიაში იყვნენ მსმენელები, რომლებიც მის საუბარს იწერდნენ. მომისმენია ეს ჩანაწერები, მაგრამ მამარდაშვილის სიტყვას უფრო მეტად მაშინ აქვს ფასი, როცა უყურებ, როცა მის პაუზებს აკვირდები, რიტმის მუდმივ ცვლას... და, რაც მთავარია, ითვალისწინებ სად ლაპარაკობს და როდის ლაპარაკობს. ბოლოს და ბოლოს თავადაც იმეორებდა, რომ მომხრეა „აქ და ახლა“ ფილისოფოსობისა, რომ აზროვნების პროცესი ჯაზურ იმპროვიზაციას ჰგავს. ასე ცოცხლდება ფილოსოფია, აზროვნება კი (რომელიც მერაბ მამარდაშვილთან ფაქტობრივად იგივეა, რაც „სასიამოვნო შრომა“) უსასრულობაში გადაიზრდება, მუდმივად იცვლის ფერს და ზოგჯერ, შინაარსსაც კი.

ამიტომაც არა აქვს აზრი მერაბის ციტირებას კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. სახალხო ფრონტის ისტორიულ ყრილობაზე, როცა თქვა ჭეშმარიტება ჩემთვის სამშობლოზე მაღლა დგასო, როცა პავლე მოციქულის სიტყვები გაიმეორა, ვფიქრობ, მისთვის მნიშვნელოვანი იყო თავისუფლების იდეის დემონსტრირება იქ, სადაც აზროვნება ლოზუნგებით (თუნდაც ძალიან სწორი ლოზუნგებით) ჩაანაცვლეს. ისევე როგორც მისი შეიძლება საეჭვო განზოგადებები ევროპაზე, რუსებზე, ქართველებზე, თუნდაც იმის მტკიცება, რომ ყოველი ქართველი თავისთავად უკვე სახელმწიფოა, ქართველს არ შეუძლია ვინმეს დამორჩილდეს. ეს იყო, ალბათ, „აქ და ახლა“, სიტყვა კაცისა, რომელსაც არასდროს ჰქონია პრეტენზია აბსოლუტურ სიმართლეზე, რომელსაც შეეძლო შეცდომის აღიარება, რომელიც ეძებდა, წვალობდა, შრომობდა და სხვას იწვევდა ფიქრის ამ ლაბირინთებში იმ ღვთიური შუქის მოლოდინში (იოანეს სახარებას ხშირად ციტირებდა), რომელიც „მხოლოდ ცოტა ხნით არის“, რომელიც ისე შეიძლება მოვკვდეთ, რომ გამოგვეპაროს.

როგორ არ შეუძლია ქართველს დამორჩილება ბატონო მერაბ? შეხედეთ თქვენს დღევანდელ სამშობლოს! განა ჰგავს იმ ქვეყანას, რომელიც თქვენი სიცოცხლის ბოლო წლებში რუსული-საბჭოთა ურჩხულისგან განთავისუფლებას ცდილობდა? დღეს როგორღა გვესმის ქართველებს ისეთი სიტყვების მნიშვნელობა, როგორიცაა „სამშობლო“ და „ჭეშმარიტება“? ანდა იმაზე რას იტყოდით, რომ „ანტიკულტურა“, „ანტიყოფა“, რასაც მთელი ცხოვრება ებრძოდით და საბჭოთა სისტემის ლამის მთავარ სახედ მიგაჩნდათ, ჩვენივე სურვილით დავიბრუნეთ?

„აქ და ახლა“ განსაკუთრებით გვჭირდება მერაბ მამარდაშვილი. სად იქნებოდა და რას გვეტყოდა? ასევე ძალიან გვჭირდებოდა 2010 წელს, როცა საქართველოში მისი დაბადების 80 წლისთავი აღინიშნა. „საკმარისია რუსებთან ერთად ტანჯვა და მათთან ერთად ნეხვში ცხოვრება. ჩვენ უნდა გამოვეყოთ ერთმანეთს“ - უთქვამს მამარდაშვილს „პერესტროიკის“ ეპოქაში. ამ გადაცემაზე რომ ვმუშაობდით მერაბის ეს სიტყვები აღარ გავიმეორეთ. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩვენს მაყურებელს, თუნდაც ერთს, ოდესმე „ნეხვში ცხოვრება“ მოუნდებოდა.

Your browser doesn’t support HTML5

მერაბ მამარდაშვილი – 80, I ნაწილი

Your browser doesn’t support HTML5

მერაბ მამარდაშვილი – 80, II ნაწილი

Your browser doesn’t support HTML5

მერაბ მამარდაშვილი – 80, III ნაწილი