უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიანიშნა სევასტოპოლზე შეტევასთან უკრაინელი პილოტების კავშირზე

სევასტოპოლზე შეტევის შედეგად გაჩენილი ხანძარი. 2023 წლის 13 სექტემბერი

უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა ირიბად მიანიშნა ანექსირებულ სევასტოპოლზე შეტევასთან უკრაინელი სამხედროების კავშირზე.

გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ „სანამ ოკუპანტები შტორმში არიან“ და სევასტოპოლში მომხდარისგან გამოკეთდებიან, „შესანიშნავი საბრძოლო მუშაობისთვის“ მადლობას უხდის უკრაინის საჰაერო ძალების პილოტებს.

გენერალ ოლეშჩუკის თანახმად, „გაგრძელება იქნება“.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი აფეთქებას აღნიშნავს სიტყვით бавовна(ბამბა). უკრაინელები ირონიულად სწორედ ამ სიტყვას იყენებენ რუსული პროპაგანდის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის გამო, როცა აფეთქებას ცვლიან სიტყვით хлопок(გასროლის ხმა). რუსულ ენაში ანალოგიურად იწერება სიტყვა ბამბაც, თუმცა, განსხვავებულად გამოითქმის.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო სევასტოპოლზე შეტევას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებს. დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა დღეს ჟურნალისტებს მხოლოდ ის განუცხადა, რომ მათი ინფორმაციით, სევასტოპოლში დაზიანებულია რუსეთის სამხედრო გემი და წყალქვეშა ნავი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს სევასტოპოლში მდებარე სერგო ორჯონიკიძის სახელობის ქარხანას, სადაც გემებს არემონტებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით 7 რაკეტა ჩამოაგდეს, დანარჩენი რაკეტების დარტყმის შედეგად კი დაზიანდა ქარხანაში სარემონტოდ მყოფი 2 გემი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, გასულ ღამით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებსაც შეუტიეს 3 უეკიპაჟო კატერით და სამივე გაანადგურა საპატრულო გემმა „ვასილი ბიკოვმა“. ეს ცნობები სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია.

ასევე ნახეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს სევასტოპოლზე სარაკეტო შეტევას

13 სექტემბერს, გამთენიისას, რამდენიმე აფეთქება მოხდა უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული. სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ „არასამოქალაქო ობიექტზე“ ხანძარია, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, გამოიწვია „მტრის" სარაკეტო შეტევამ. ე.წ. გუბერნატორი ირწმუნებოდა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ იმუშავა.

მოგვიანებით რაზვოჟაევმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ცნობა, რომლის თანახმად, ხანძარი გაჩნდა „სევმორზავოდის" (სევასტოპოლის საზღვაო ქარხანა) ტერიტორიაზე, სადაც 24 ადამიანი დაშავდა.

სევასტოპოლის საზღვაო ქარხანაში, რომელიც ბოლშევიკ სერგო ორჯონიკიძის სახელობისაა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს აშენებენ და არემონტებენ.