OC Media შალვა პაპუაშვილს ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს

შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

სამხრეთ კავკასიის ამბებზე მომუშავე მედიაორგანიზაცია OC Media საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს. მედიაორგანიზაცია წერს, რომ მას შემდეგ, რაც უარი თქვეს პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრების გამოქვეყნებაზე, მან დონორ ორგანიზაციებს მიმართა.

OC Media-ს თანახმად, ეს ინფორმაცია მას დაუდასტურა სულ მცირე ერთმა დამფინანსებელმა და აღნიშნა, რომ "გაოცებულები დავრჩით ამ საჩივრით და არ ვიცოდით, როგორ აგვეხსნა".

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ზეწოლის მცდელობის შესახებ გამოქვეყნებულ მასალაში ვკითხულობთ, OC Media-მ საკუთარი თვალით ნახა შალვა პაპუაშვილის მიერ დონორი ორგანიზაციისთვის მიწერილი წერილი - "ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მთავრობასა და დონორს შორის თანამშრომლობა "ეყრდნობა საქართველოს მისწრაფებების საერთო აღქმას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ"... "ის, რომ თქვენ აფინანსებთ ორგანიზაციას, რომელიც მხოლოდ ცალმხრივად აშუქებს ქართულ პოლიტიკას და კატეგორიულად ამბობს უარს განსხვავებული აზრის გამოქვეყნებაზეც კი, არ შეესაბამება ამ სულისკვეთებას".

OC Media-ს დამფუძნებელი და თანადირექტორი მარიამ ნიკურაძე მიიჩნევს, რომ დონორებთან ამ ტიპის კომუნიკაცია მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე დარტყმაა.

ზეწოლის მცდელობის შესახებ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, პარლამენტის ოფისის წარმომადგენელი თიკო მგელაძე უარს ამბობდა OC Media-სთვის ეჩვენება ის წერილი, რომლის გამოქვეყნებაც ამ პლატფორმაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სურდა.

მთავარი რედაქტორი რობინ ფაბრო აღნიშნავს, რომ უარი არ იყო ადვილად მისაღები გადაწყვეტილება, თუმცა "რედაქციამ მკითხველების ინტერესებით იხელმძღვანელა".

მთავარი რედაქტორი განმარტავს:

  • "უკიდურესად ყურადღებიანები ვართ იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვაქვეყნებთ ჩვენი მოსაზრებების სექციაში. რა თქმა უნდა, მივესალმებით განსხვავებულ აზრს, მაგრამ გვინდა, რომ ყველაფერი ფაქტობრივადაც გადამოწმებული იყოს, პასუხობდეს ჩვენს ღირებულებებს და იდეებს - ეს ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი მედიაგამოცემის, უფლებაა";
  • "ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობა ხშირად ცდილობს უკეთ წარმოაჩინოს საკუთარი თავი საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე, ვიდრე - საკუთარ ხალხთან. დიდი შანსი იყო, რომ ოპედი უბრალოდ გულწრფელი არ იქნებოდა";
  • "სწორედ ამ ფაქტორებით ვიხელმძღვანელეთ, როცა მივედით საერთო გადაწყვეტილებამდე, რომ ამ მოსაზრების გამოქვეყნება ჩვენს მისიას ეწინააღმდეგებოდა, რაც მკითხველისათვის ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსის გამო რომ გამოგვექვეყნებინა ეს ტექსტი, მკითხველის ინტერესების უგულებელყოფა იქნებოდა".

შალვა პაპუაშვილის კოლეგამ და მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ OC Media-ს გადაწყვეტილება "ცენზურად" შეაფასა და კოლეგას საქციელი მოუწონა.

"ნუ, ძალიან კარგი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა. როცა კონკრეტულ მედიაგამოცემაში მოქმედებს ცენზურა, თან უხეში ფორმით, აბსოლუტურად წარმოუდგენელი ფორმით, ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, ბუნებრივია, დონორებს. შესაბამისად, ძალიან კარგია, რომ შალვა პაპუაშვილმა ცენზურასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა დონორები", - თქვა კობახიძემ.

როგორც OC Media წერს, პარლამენტის სპიკერს უნდოდა გამოექვეყნებინა მოსაზრება თემაზე: "საქართველოს დემოკრატიული მთავრობის საქართველოს მოსახლეობისაგან გამოყოფის ტაქტიკა რუსეთის ჰიბრიდული თამაშის ნაწილია". მოგვიანებით ამ შინაარსის მოსაზრება პაპუაშვილის "ტვიტერზე" დაიდო.

ასევე ნახეთ შალვა პაპუაშვილმა OC Media-ზე ზეწოლა უარყო