საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი OC Media-ზე ზეწოლას უარყოფს. მედიაორგანიზაციამ პაპუაშვილისგან მიღებული წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ OC Media-მ არასწორად ახსენა პარლამენტის სპიკერის კომუნიკაცია დონორებთან.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მისი კომუნიკაციის მიზანი იყო არა „გავლენის მოხდენა ან დასჯა მოსაზრების გამოქვეყნებაზე უარის თქმის გამო", არამედ დონორების ინფორმირება მედიაორგანიზაციის „საეჭვო ჟურნალისტური მიდგომების შესახებ".
პაპუაშვილის განმარტებით, რეალურად დონორებისთვის მიწერილ წერილში ეწერა: „მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ OC Media-ს ჟურნალისტურ დამოუკიდებლობას, მიგვაჩნია, რომ პუბლიკაციის გამოქვეყნებაზე უარის თქმა, რასაც არ მოჰყოლია სრულყოფილი ახსნა, ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის, პლურალიზმისა და მრავალფეროვნების პრინციპებს".
პარლამენტის თავმჯდომარე OC Media-ს არწმუნებს, რომ მისი „სარედაქციო დამოუკიდებლობა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული და დაცული იქნება ქართული სახელმწიფოს მიერ".
სამხრეთ კავკასიის ამბებზე მომუშავე მედიაორგანიზაცია OC Media-მ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზეწოლის მცდელობაში დაადანაშაულა. მედიაორგანიზაცია წერს, რომ მას შემდეგ, რაც უარი თქვეს პაპუაშვილის მოსაზრების გამოქვეყნებაზე, მან დონორ ორგანიზაციებს მიმართა.
OC Media-ს დამფუძნებელი და თანადირექტორი მარიამ ნიკურაძე მიიჩნევს, რომ დონორებთან ამ ტიპის კომუნიკაცია მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე დარტყმაა.
ზეწოლის მცდელობის შესახებ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, პარლამენტის ოფისის წარმომადგენელი თიკო მგელაძე უარს ამბობდა OC Media-სთვის ეჩვენება ის წერილი, რომლის გამოქვეყნებაც ამ პლატფორმაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სურდა.
მთავარი რედაქტორი რობინ ფაბრო აღნიშნავს, რომ უარი არ იყო ადვილად მისაღები გადაწყვეტილება, თუმცა "რედაქციამ მკითხველების ინტერესებით იხელმძღვანელა".
როგორც OC Media წერს, პარლამენტის სპიკერს უნდოდა გამოექვეყნებინა მოსაზრება თემაზე: "საქართველოს დემოკრატიული მთავრობის საქართველოს მოსახლეობისაგან გამოყოფის ტაქტიკა რუსეთის ჰიბრიდული თამაშის ნაწილია". მოგვიანებით ამ შინაარსის მოსაზრება პაპუაშვილის ტვიტერზე დაიდო.