პოლიციამ თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, აქციაზე, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია დააკავა. აქციაზე შეკრებილი ადამიანები პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ, პირადი მიზნებისთვის შვილის ევროპაში სამთავრობო თვითმფრინავით წაყვანის გამო.
დაკავებულს პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, 173-ე მუხლი) ედავებიან. არსებული ინფორმაციით, ის მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ, ეზოში, წარწერების გაკეთებას ცდილობდა.
მიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა თავის ვაჟთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა. საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განმარტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით თბილისიდან გაემგზავრა ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო იქიდან რეგულარული რეისით - აშშ-ის მიმართულებით. ფრენის საფასური პრემიერ-მინისტრმა თავად გადაიხადა.
ასევე ნახეთ თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანესტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს სამთავრობო ბორტი 28 აგვისტომდე, ანუ დაახლოებით ერთი კვირა უცდიდა გერმანიის ქალაქ მიუნხენში, საიდანაც საქართველოში ჩამოიყვანა აშშ-დან დაბრუნებული პრემიერი და მისი ოჯახის წევრები.
არ არის ცნობილი, რა დაუჯდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შვილთან ერთად აშშ-ში მოგზაურობა. ბოლო დეკლარაცია მან 2022 წლის ოქტომბერში შეავსო, რომლის მიხედვითაც, მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 45 ათასი ლარი იყო. ამავე დეკლარაციაში წერია ისიც, რომ მას მშობლებმა 150 ათასი ლარი აჩუქეს.