7 სექტემბერს მწერალთა სახლის ფეისბუკის გვერდზე გაზიარდა განცხადება, რომლის თანახმად, კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ ლიტერატურულ კონკურსს „მუზას“ მწერალთა სახლი ჩაატარებს. განცხადებაში უარყოფითად იყო შეფასებული მწერალთა სახლის ყოფილი დირექტორის ნატა ლომოურის საქმიანობა.
საქმე ეხებოდა კიდევ ერთ ლიტერატურულ კონკურსს „ლიტერას“. „მწერალთა სახლმა და მისმა მაშინდელმა ხელმძღვანელმა ნატა ლომოურმა სამინისტროსთან დაპირისპირების გზა აირჩიეს და 2021 წელს აღარ მოისურვეს „ლიტერას“ შენარჩუნება მწერალთა სახლის ფარგლებში; მეტიც, მათ ხელი შეუწყვეს ჩვენი სალიტერატურო სივრციდან ამ მნიშვნელოვანი ლიტერატურული კონკურსის გაქრობას. ყოველივეს მიზეზად დასახელდა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2021 წელს შეიცვალა კონკურსების/პროექტების დაფინანსებისა და საკონკურსო კომისიის დაკომპლექტების წესი“, - ნათქვამი იყო განცხადებაში.
მალე ნინო ბექიშვილმა, მწერალთა სახლის ლიტერატურული და საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერმა, „ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ განცხადების ტექსტი მწერალთა სახლის თანამშრომლების დაწერილი არ იყო. „მაინც რომ იცოდეთ, ეს მარაზმი ტექსტი მწერალთა სახლის თანამშრომლებს არ დაგვიდია. სამინისტრომ დადო“, - აღნიშნა ნინო ბექიშვილმა.
მოგვიანებით, მწერალთა სახლის ფეისბუკგვერდიდან განცხადება წაშალეს და სანაცვლოდ ეს ტექსტი გამოაქვეყნეს: „აქ იდო კულტურის სამინისტროს შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური სტატუსი ნატალია ლომოურის შესახებ, რომელსაც ემიჯნება მწერალთა სახლის შემოქმედებითი ჯგუფი“.
ამ დროისთვის მწერალთა სახლის ფეისბუკის გვერდზე ეს პოსტიც აღარ იძებნება. ბექიშვილი მოელოდა, რომ სამინისტროს წარმომადგენელი მას მალე წაშლიდა.
როგორც ნინო ბექიშვილმა რადიო თავისუფლებას უამბო, მას შემდეგ, რაც ახალი ხელმძღვანელი, ქეთი დუმბაძე მწერალთა სახლში მივიდა, მან მოითხოვა ფეისბუკის გვერდის „ადმინი“, რის შემდეგაც კულტურის სამინისტროდან „ვიღაც დაემატა“. ბექიშვილის თქმით, სწორედ ამ ადამიანმა განათავსა განცხადება, რომელიც უცნობი იყო მწერალთა სახლის შემოქმედებითი ჯგუფისთვის. „ქეთი დუმბაძე ვერ განათავსებდა, რადგან ტელევიზიაში ჩაწერაზე იმყოფებოდა“, - შენიშნა მან.
ნინო ბექიშვილი მიიჩნევს, რომ „სრულიად ცილისმწამებლური და ტყუილი იყო, რაც ნატაშა ლომოურის მიმართ განცხადებაში ეწერა“. ის ამბობს, რომ ჯერჯერობით ქეთი დუმბაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
ბექიშვილის თქმით, მწერალთა სახლის შემოქმედებითი ჯგუფისთვის მიუღებელი იყო განცხადების შინაარსი და სოციალური მედიის მენეჯერმა მარიამ გიგუაშვილმა მისივე ინიციატივით პოსტი წაშალა და დაწერა, რომ მწერალთა სახლის შემოქმედებითი ჯგუფი ამ განცხადებას ემიჯნებოდა. მისი თქმით, მწერალთა სახლის შემოქმედებითი ჯგუფი ამ პოზიციას იზიარებს და ეს არ ეხება ტექნიკურ პერსონალს. „მარიამი ძალიან შეურაცხყოფილი დარჩა იმით, რომ გვერდმა, რომელსაც მართავდა, ასეთი უზნეობა გამოაქვეყნა“, - აღნიშნა ბექიშვილმა.
რაც შეეხება ორგანიზაციის მართვაში გარე პირის მონაწილეობას, ბექიშვილის თქმით, მმართველობის ასეთი ფორმა მწერალთა სახლის ძველი თანამშრომლებისთვის მიუღებელია. „გასაკვირია, რომ ქეთისთვის მისაღებია. ქეთი მოვიდა გულწრფელი სურვილით, რომ შენარჩუნებულიყო ის, რაც იყო“, - თქვა მან და დაამატა: „ერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვეცდებით ჩვენსას, არ ვართ თანახმა, რომ ამ ორგანიზაციამ, რომელიც დამოუკიდებელი იყო ამდენი წელი, ახლა სხვანაირად გააგრძელოს მუშაობა“.
ბექიშვილი იხსენებს, რომ მწერალთა სახლმა მუშაობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს, 2013 წელს დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე დაარსდა, თუმცა შემდეგ შენობის რემონტი მიმდინარეობდა. მისი თქმით, ნატა ლომოურის ხელმძღვანელობის დროს მწერალთა სახლი კულტურის სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობდა, თუმცა მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ ურთიერთობა დაიძაბა.
„აღარ აფინანსებდა არა მხოლოდ "ლიტერას", არამედ წაგვართვა გოგებაშვილის საბავშვო პრემია და თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი“, - თქვა მან.
რადიო თავისუფლება ცდილობს დაუკავშირდეს კულტურის სამინისტროს პრესსამსახურს. მათი პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
მიმდინარე წლის აგვისტოში მწერალთა სახლის დირექტორად იმ დროისთვის საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნას და კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, მწერალთა ერთი ნაწილის პროტესტი მოჰყვა, თუმცა გავრცელდა მისი მხარდამჭერი ავტორების განცხადებაც.
მწერალთა სახლის ყოფილ დირექტორს, ნატა ლომოურს, უფლებამოსილების ვადა 7 აგვისტოს ამოეწურა. ის აცხადებდა, რომ სამინისტროდან არავინ დაჰკავშირებია იმის სათქმელად, აპირებდნენ თუ არა მასთან თანამშრომლობას.
მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა, სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში თანამდებობიდან არაერთი ადამიანი გაათავისუფლეს.
მწერალთა სახლის დირექტორად დანიშვნის გამო, 5 სექტემბერს ქეთევან დუმბაძეს შეუწყდა დეპუტატის უფლებამოსილება.
ასევე ნახეთ ასამდე მწერალი, მთარგმნელი და გამომცემელი ბოიკოტს უცხადებს კულტურის სამინისტროსა და მწერლის სახლს ასევე ნახეთ მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას აპროტესტებს მწერალთა, მთარგმნელთა და გამომცემელთა ნაწილი ასევე ნახეთ კულტურის სფეროს წარმომადგენლები ქეთევან დუმბაძეს "მწერალთა სახლის" დირექტორად დანიშვნას ულოცავენ