ზურაბიშვილი: ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ... ჩემი იმედი გქონდეთ

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის არის იმ ფიცის ერთგული, რომელიც მან პრეზიდენტად ინაუგურაციის დროს დადო და ამის გამო ყველაფერს გააკეთებს, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუწყობს ხელს. მოქალაქეებს პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით მიმართა.

"ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ. იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება. მე ვიცავ კონსტიტუციას, რამეთუ ეს ფიცი დავდე, როცა იყო ჩემი ინაუგურაცია, როგორც საქართველოს პრეზიდენტის. ვიქნები ბოლომდე ამ ფიცის ერთგული...

მე ეს მიმაჩნია, როგორც ჩემი უმაღლესი და უპირველესი ვალდებულება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მანვე თქვა, რომ სწორედ ესაა მიზანი, რის გამოც საკუთარი ხარჯებით ჩავიდა ბერლინში, ბრიუსელსა და პარიზში.

"ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემი კონტაქტები, ნდობა, რომელიც არის პირველ რიგში თქვენს მიმართ. თქვენ რომ არ გამოსულიყავით და არ გეჩვენებინათ მთელი ევროპისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პერსპექტივა, მეც არ მექნებოდა ასეთი ნდობა, როცა სხვადასხვა ლიდერებს ვხვდები.

იმათ იციან, რომ მე ვარ თქვენი არჩეული და რომ ეს მომავალი თქვენი არჩეულია. ამიტომ არის, რომ ამ პატივისცემით მხვდებიან. ეს მე კი არ დავიმსახურე, თქვენ დაიმსახურეთ და მე ვარ ამაყი, რომ თქვენ წარმოგადგენთ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში. მე ვარ ამაყი, რომ დღეს ამას ვაკეთებ ჩემი სახსრებით, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი. ქვეყნის პრეზიდენტი თავისი სახსრებით არ უნდა დადიოდეს ასეთ შეხვედრებზე... გავაგრძელებ. მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების სადაც ჩავალ" - თქვა მან.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "საქართველო არასოდეს დაბრუნდება რუსეთის ფეხქვეშ".

"ეს არის ის, რაც ჩვენ ერთად გვაქვს დასაცავი. ერთად დავიცავით, თქვენ დაიცავით და მე მხარი დაგიჭირეთ 8 მარტს. ეს იქნება ჩვენი ერთიანი, მუდმივი სვლა სანამ ჩვენ არ გავალთ ფონს და არ მივალთ იქ, სადაც არის საქართველოს ადგილი. ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ყველანი ერთად ვართ და თუ ხელისუფლება ამას გაიგებს და შეეგუება, ეს იქნება ძალიან კარგი, თუ არადა ალბათ, მისი მომავალიც ამაზეა დამოკიდებული", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და მიმართვა დაამთავრა სიტყვებით - "მე თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ, ერთად წავალთ და გავალთ ბოლოში".

ასევე ნახეთ ზურაბიშვილი მაკრონს შეხვდა პარიზში
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი შტაინმაიერთან შეხვედრაზე: გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება
ასევე ნახეთ მიშელი დადებითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის მისწრაფებას ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას

1 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მმართველი გუნდი პრეზიდენტს კონსტიტუციის დამრღვევად მიიჩნევს ვინაიდან პრეზიდენტმა ევროპული ტურნე მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო. ამასთან მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან საქართველოს ევროინტერგაციის მიზნის საზიანოდ მიიჩნევს.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველი პარტიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად და საბოტაჟად მიიჩნევს.

თავად სალომე ზურაბიშვილი, მმართველი პოლიტიკური ძალის გეგმას, დაიწყოს მისი იმპიჩმენტის პროცედურა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

საქართველოს პრეზიდნეტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, მმართველი იმპიჩმენტის პროცედურა, შესაძლოა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 1 სექტემბერს განაცხადა, რომ მიესალმება "პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისწრაფებას ევროკავშირის გზაზე". მიშელთან შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტი 31 აგვისტოს გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს (50 დეპუტატს). საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.

თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (100 დეპუტატი).

ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში 84 დეპუტატია.