ოლიგარქ კოლომოისკის უკრაინაში ახალი ბრალდება წაუყენეს - „პრივატბანკიდან“ დაახლოებით 250 მილიონი დოლარის გაფლანგვა

კოლომოისკიმ, როგორც 2015 წელს დნეპროპეტროვსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, "შეიმუშავა გეგმა, „პრივატბანკის“ ფონდების დაპატრონების მიზნით“.

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) უკრაინელ მილიარდერს იგორ კოლომოისკის ბრალი წაუყენა “პრივატბანკიდან 9.2 მილიარდი გრივნის (დაახლოებით 250 მილიონი) გაფლანგვაში.

NABU-ს თანახმად, კოლომოისკიმ, როგორც 2015 წელს დნეპროპეტროვსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, "შეიმუშავა გეგმა, „პრივატბანკის“ ფონდების დაპატრონების მიზნით“.

ამრიგად ბანკი, როგორც დეპარტამენტის საიტზე არსებულ ცნობაშია ნათქვამი, „იძულებული გახდა 9,2 მილიარდ გრივნაზე მეტი გადაერიცხა ბიზნესმენის მიერ კონტროლირებად ოფშორულ კომპანიისათვის" ვითომცდა, საკუთარი ობლიგაციების გაბერილი ღირებულებით გამოსყიდვის საბაბით.

უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა ირწმუნება, რომ კოლომოისკიმ პრივატბანკიდან ფულის გატანის მიზნით ამ ფინანსური ინსტიტუტის ხუთი უმაღლესი დონის თანამშრომლისგან სპეციალური ჯგუფი შექმნა.

NABU-ში განმარტავენ, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილე, ბანკთაშორისი დილინგის დეპარტამენტის დირექტორი უკვე დაკავებულია და მასთან საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

მანამდე კიევის რაიონულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის 2 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა.

სასამართლომ ბიზნესმენს მისცა შესაძლებლობა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ გადაიხადოს 509 მილიონზე მეტი გრივნის გირაოს გადასახადი.

საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე და 209-ე მუხლებზე: თაღლითობა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაცია (გათეთრება).

გამომძიებლების თქმით, 2013-2020 წლებში კოლომოისკიმ ნახევარ მილიარდზე მეტი გრივნა „გაათეთრა“ მათი საზღვარგარეთ გადარიცხვით, მისი კონტროლის ქვეშ მყოფი საბანკო ინსტიტუტების ინფრასტრუქტურის გამოყენებით.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განმარტა, რომ საუბარია, კერძოდ, 570 მილიონ გრივნაზე მეტ თანხაზე.

ასევე ნახეთ კიევის სასამართლომ მილიარდერ კოლომოისკის მიუსაჯა პატიმრობა შესაძლო გირაოს უფლებით

იგორ კოლომოისკი უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია.

2021 წლის მარტიდან ის და მისი ოჯახი აშშ-ს სანქციების ქვეშ იმყოფებიან.