საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში კერძო ვიზიტის შესახებ მედიის შეკითხვებს უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. მისი ინფორმაციით, პრემიერმა შვილთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოჯახის შემოსავლით იმგზავრა.
„არის ასეთი მოცემულობა, რაც გავარკვიე კომუნიკაციის შედეგად: კერძო, თავის ოჯახის შემოსავლებით, თავის ოჯახის ხარჯებით, ჩარტერით გაფრინდა შვილთან ერთად ევროპაში და იქიდან ჩვეულებრივი, კომერციული რეისით აშშ-ში”, - თქვა მდინარაძემ.
მგზავრობის ხარჯების შესახებ დასმულ შეკითხვას დეპუტატი ასე პასუხობს: „არ არის არც თქვენი და არც არავის საქმე. ეს მაშინ არის თქვენი საქმე, როცა კანონი როგორც ითვალისწინებს გამოქვეყნდება, დეკლარაციაში ჩაიწერება, რადგან არის კერძო ვიზიტი. ნებისმიერი კერძო ხარჯი, სახლში რას ხარჯავს, შვილის სწავლაში რას ხარჯავს, დეკლარაციაში იქნება ჩაწერილი. ვერ აიტანეს ვიღაცებმა, რომ ეს ადამიანი არ დაემსგავსა წინა ხელისუფალს, ამ ქვეყნის პირველი პირი იცით, რომ ჩარტერით დაასეირნებდა ვიზაჟისტებს, მასაჟისტებს და სტილისტებს, საკუთარი ოჯახის წევრებს ბიუჯეტიდან უხდიდა სწავლის თანხებს და ამის გადასაფარად ათწლეულის შემდეგ რატომ გაფრინდა (ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით)? ვერც ის აიტანეს რომ პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩააბარა მისმა შვილმა, უორტონის ბიზნესსკოლაში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე რეიტინგულია, ეს ვერ მოიგონეს ვიღაცებმა და სიუჟეტს სიუჟეტზე აკეთებენ“.
მამუკა მდინარაძის თქმით, თავად ოჯახის წევრის დახმარების გარეშე ვერ შეძლებს ევროპაში გასამგზავრებლად, ჩარტერული თვითმფრინავის დაქირავებას.
„ეს მოხდა კერძო ხარჯით. დეტალები არ ვიცი, კითხვა არ მიჩნდება. მე ჩარტერით ევროპაში ვერ წავალ, თუ არ მომეხმარა ოჯახის რომელიღაც წევრი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ეს საშუალება, რომელზეც თქვენ ილაპარაკებთ სამი კვირა, რა თანხებით წავიდა ღარიბაშვილი. იკითხეთ და გაგცემენ პასუხს, დეკლარაციაში ეწერება. დეკლარაციაში აისახება ყველა ხარჯი და ყურადღებით გაეცანით“, - აღნიშნა მან.
საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განმარტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით გაემგზავრა, ხოლო, იქიდან აშშ-ის მიმართულებით - რეგულარული რეისით.
ასევე ნახეთ მთავრობის სტრატკომი განმარტავს, როგორ ჩავიდა პრემიერი შვილთან ერთად აშშ-შიმიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ შვილთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა.
თავდაპირველად „ჩარტერული (კომერციული) რეისი" ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი შვილის საქართველოდან აშშ-ში გამგზავრების კონტექსტში ახსენა თავად მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა.
2022 წლის 17 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილის ცოლმა ნუნუკა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ცნობა, რომ მათი შვილი ნიკოლოზ ღარიბაშვილი აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში ისწავლის.
პენსილვანიის უნივერსიტეტი ბენჯამინ ფრანკლინის დაფუძნებულია.