ესპანელმა ფეხბურთელმა ჯენიფერ ერმოსომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე კოცნის გამო. ამის შესახებ CNN-ი იუწყება ესპანეთის პროკურატურის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
პროკურატურამ 28 აგვისტოს დაიწყო რუბიალესის წინააღმდეგ გამოძიება და პირობა დადო, რომ ერმოსოს დაუკავშირდებოდა, რათა „ეცნობებინა მისი როგორც სექსუალური აგრესიის სავარაუდო დანაშაულის მსხვერპლის უფლებების შესახებ“. ესპანეთის მართლმსაჯულების სისტემაში საჩივრის შეტანა ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია რუბიალესის წინააღმდეგ საქმის აღსაძრავად.
ასევე ნახეთ ესპანეთში გამწვავდა „კოცნის სკანდალი" ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გარშემომანამდე ფიფამ ლუის რუბიალესი დისციპლინური სამართალწარმოების პერიოდში ჩამოაშორა საფეხბურთო საქმიანობას. საქმე აღიძრა მას მერე, რაც რუბიალესმა პირდაპირ დაჯილდოების ცერემონიაზე აკოცა ერმოსოს მას შემდეგ, რაც ესპანეთმა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ კოცნა ორმხრივი თანხმობით მოხდა. ერმოსომ უარყო ეს განცხადება და თქვა, რომ ეს მის მიმართ უპატივცემულობა იყო. მისი თქმით, ფედერაციამ ასევე ზეწოლა მოახდინა მასზე და მის ოჯახზე, რათა რუბიალესისთვის მხარდაჭერა გამოეხატათ სკანდალის შემდეგ.
პროკურატურამ განაცხადა, რომ სექსუალური თანხმობის შესახებ შარშან მიღებული კანონით, რუბიალესს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯარიმა ან ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.