ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკური შევიწროება - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იმპიჩმენტზე

გიორგი მსხილაძე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მცდელობა დაიწყოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა, შესაძლოა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება.

„საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს თავის უმაღლეს ვალდებულებას, ეს არის ხალხის ნება, პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებას, რომლის ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია და კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლითაც ყველა ზომა უნდა მიიღოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციისთვის. ეს არის ტექნიკური საკითხი, რომელიც წამოიწყო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“. ერთადერთ რამეს შეიძლება ემსახურებოდეს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება. ამაზე მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით. იმპიჩმენტის პროცედურა საკმაოდ დროში გაწელილია, ამიტომ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ“, - უთხრა მსხილაძემ მედიის წარმომადგენლებს.

1 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მმართველი გუნდი პრეზიდენტს კონსტიტუციის დამრღვევად მიიჩნევს ვინაიდან პრეზიდენტმა ევროპული ტურნე მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო. ამასთან მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან საქართველოს ევროინტერგაციის მიზნის საზიანოდ მიიჩნევს.

ასევე ნახეთ პრემიერმა დაასახელა არგუმენტი რის გამოც პრეზიდენტს ევროპულ ვიზიტებზე უარი ეთქვა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველი პარტიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად და საბოტაჟად მიიჩნევს.

თავად სალომე ზურაბიშვილი, მმართველი პოლიტიკური ძალის გეგმას, დაიწყოს მისი იმპიჩმენტის პროცედურა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 1 სექტემბერს განაცხადა, რომ მიესალმება "პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისწრაფებას ევროკავშირის გზაზე". მიშელთან შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტი 31 აგვისტოს გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

ასევე ნახეთ "ოცნება" 100 მანდატის ძიებაში - იოლია თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაყენება?

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს (50 დეპუტატს). საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.

თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (100 დეპუტატი).

ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში 84 დეპუტატია.